გამოცემამ Fortune სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს რეიტინგში "წლის ბისნესმენი" პირველი ადგილი დაუთმო.
"წლევანდელი წლის ლიდერის შერჩევის პროცესმა მიგვიყვანა ადამიანამდე, რომელიც მხოლოდ 32 წლისაა, მაგრამ უკვე ისეთი ძლიერი კორპორაციის მფლობელია, რომელიც 22 მილიარდი აშშ დოლარიანი მოგებითა და 1.8 მილიარდი მომხმარებლით 375 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ეს არის სოციალური ქსელის Facebook დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი", - წერს Fortune თავის ანგარიშში.
რეიტინგის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ცუკერბერგის წარმატება იმის დამადასტურებელია, რომ თანამედროვე მსოფლიო სოციალურ ქსელებთან სულ უფრო და უფრო მიბმულია. აღნიშნული რეიტინგის მეორე ადგილზე ონლაინ-მაღაზიათა ქსელის Amazon დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი მოხვდა. მესამე ადგილი კომპანია Ulta Beauty-ის ხელმძღვანელს მერი დილონს ერგო.
ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამოცემა Fortune უდიდესი კომპანიების, წარმატებული და წარუმატებელი ბიზნესმენების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს.