რამდენიმე დღის წინ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის დეტალებზე ’’საქმიან დილასთან“ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს დამფუძნებელი მამუკა წერეთელი საუბრობს.
-ბატონო მამუკა, როგორ ჩაიარა კონფერენციამ და ვინ ესწრებოდა მას საქართველოდან?
- კონფერენციის დღეებში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრა მიმდინარეობდა, რომელში მონაწილეობასაც ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებდნენ. ისინი ჩვენს კონფერენციასაც ნაწილობრივ დაესწრნენ. კობა გვენეტაძე კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვიდა. საკითხები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გეოსტრატეგიულ გარემოს ეხებოდა, რომელიც სატრანსპორტო კორიდორის განვითარებაზე მოქმედებს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ყველა საკითხი ერთმანეთთან კავშირშია და ფინანსური სტაბილურობა ერთ-ერთი ნაწილია ზოგადი სტაბილურობისა და აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც მნიშვნელოვანი იყო.
- როგორც ვიცით, თემატიკა ძირითადად აბრეშუმის გზას ეხებოდა, ბოლო პერიოდში აბრეშუმის გზის შესაძლო კორექციასთან დაკავშირებით ვიგებთ ინფორმაციებს, სადაც საქართველოს საერთოდ აღარ ფუნქციონირებს. თქვენ რამდენად ხედავთ ამის საფრთხეს?
- შეხვედრის ერთი-ერთი მთავარი ამოცანა იყო რომ ყველა ის საფრთხე განგვეხილა, რომელიც შესაძლო პოტენციურ გზასა და უკვე არზსებულ გზას უკავშირდება. ინფრასტრუქტურა ვითარდება, როგორც საქართველოში, ასევე მეზობელ ქვეყნებში. ბაქოსა და ყაზახეთში ახალი პორტები კეთდება და ვითარდება. ყაზახეთში რკინიგზა გაკეთდა, რომელიც ყაზახეთს ჩინეთთან აკავშირებს. ინფრასტრუქტურის ელემენტებს ეს ქვეყნები თავად ავითარებენ, მათ შორის საქართველოც. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, რბილი ინფრასტრუქტურის, ანუ მართვის, საზღვრის გადალახვის, ტარიფებისა და სხვა მსგავსი საკითხების განვითარება და მოგვარება მოხდეს, რათა ტვირთების გადაზიდვის სიჩქარე და მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა მაღალი იყოს და კონკურენცია გაუწიოს იმ არსებულ გზებს, რომელზეც დღეს ტვირთების ნაწილი მიედინება. პოტენციურად გამოჩნდა ტვირთების ირანზე გატარების პერსპექტივა. ასევე ირანი თავისთავად არის ტვირთების წყარო და შეიძლება საქართვლოსთვის ევროპასთან ვაჭრობის გარკვეული თვალსაზრისით, დამატებითი ტვირთების წყარო გახდეს.
პოტენციალი არსებობს, მაგრამ მისი განვითარება დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ იმ სატრანზიტო ქვეყანაზე, რომელზეც ამ ტვირთებმა უნდა გაიაროს.
ისეთი დიდი მასშტაბური პროექტი, როგორიც არის აზია-ევროპის ვაჭრობა, სავაჭრო გზების სხვადასხვა მიმართულებების განვითარება და მათ შორის ჩვენთვის ყველაზე მნიშნელოვანი სამხრეთ კავკასიაზე გამავალი გზის განვითარება, აშშ-ს მსგავსი სტრატეგიული პარტნიორის ჩარევისა და მხარდაჭერის გარეშე ალბათ ვერ მოხდება. სწორედ ამიტომაც, ჩვენი მიზანი იყო კონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაგვეღვიძებინა და გაგვეაქტიურებინა ამერიკის როლის მნიშვნელობა აღნიშნულ საკითხში.
- კონფერენციაზე საუბარი იყო იმ საკითხზეც, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიმკვიდროს თავი, როგორც მნიშვნელოვანმა მოთამაშემემ...
- მთავარი ისაა, რომ საქართველო ბევრად უფრო ადვილი ქვეყანაა სატრანზიტოდ, ვიდრე ვთქვათ ჩვენი სხვა მეზობელი ქვეყნები. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი როლი ისაა, რომ მეზობელ ქვეყნებთან იმუშაოს, რათა იმ პროცესების ჰარმონიზაცია მოხდეს, რომელიც გადაზიდვებს აჩქარებს. ცნობილია, რომ კომერციული გადაზიდვების თვალსაზრისით, ჩინეთს ან სხვა ქვეყნებს უფრო იაფად შეუძლიათ ტვირთების გადაზიდვა ევროპაში ზღვის მეშვეობით, მაგრამ ამას ძალიან ბევრი დრო მიაქვს, დაახლოებით 40-50 დღე სჭირდება. ტვირთების კავკასიაზე გატარებით, კი ეს ყველაფერი შესაძლებელია 15-17 დღეში მოგვარდეს.
- კონფერენციაზე კომპანია „პეის“ წარმომადგენელმა იოსებ დოლიძემ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად ფოთის პორტში ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობას გეგმავს, რომელიც დაახლოებით 85 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს..
- პროექტი დაახლოებით ორი წელია მუშავდება. საუბარია ყოფილი გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც სასაწყობო მეურნეობები მოეწყობა და ღრმაწყლოვანი ტერმინალის განვითარება მოხდება. პროექტის დიდი ნაწილი აშშ-ის სამთავრობო სააგენტოს მიერ დაფინანსდება. ’’პეისი“ ძირითადად უფრო მშრალი და სპეციფიური ტვირთების გადაზიდვაზეა ორიენტირებული. ამ ნიშაზე მუშაობს და ახალი ტერმინალი სწორედ ასეთი ტიპის ტვირთებს მოემსახურება.
- როგორია თქვენი შეფასება და პერსპექტივები ანაკლიის პორთან მიმართებაში?
-ანაკლია არის სწორედ იმ დიდი, გლობალურად სტრატეგიული პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ყველა ეს პროექტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთმანეთს ავსებს, მაგრამ ანაკლია შესაძლოა ევროპა-აზიის გადაზიდვებში ფლაგმანი გახდეს, მხოლოდ ანაკლიის ფოკუსირება ძირითადად საკონტეინერო გადაზიდვებზე იქნება. ასევე მნიშვნელოვანი სამხრეთის გავლით პაკისტანური და ინდური ტვირთების მოზიდვა. რა თქმა უნდა, ადვილი თემა არ არის, მაგრამ ეს ისეთი გლობალური პროექტია, რომელშიც ჩართულობა ჩემი ზარით, საქართვლოს არა მარტო ეკონომიკურ წარმატებას, არამედ პოლიტიკურ უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.
-მსგავსი კონფერენცია ახლო მომავალშიც ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?
- 1 დეკემბერს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მე-19 წლიურ კონფერენციის ჩატარებას ვგეგმავთ ვაშინგტონში. ამ პერიოდისთვის საქართველოშიც და ამერიკაშიც დასრულებული იქნება არჩევნები. საშუალება გვექნება ახალი სურათი დავინახოთ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავააქტიუროთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები.