მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანის მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს უფროსმა იმედა მაკასარაშვილმა განაცხადა, მართვის მოწმობის აღების მსურველები პრაქტიკულ გამოცდებს სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაბაარებენ.
„პროექტირების პროცესები დასრულებულია. ჩვენ მოვახდინეთ ყველა იმ პროექტის შეჯერება და განხილვა, რომელიც მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანას უკავშირდებოდა. ამ ეტაპზე უკვე საკანონდებლო ცვლილებებზე მიდის საუბარი, რათა 2018 წლის პირველ ნახევარში პრაქტიკული გამოცდების რეალურ სივრცეში ჩაბარება ვუზრუნველყოთ.
მომსახურების სააგენტო გამოცდებს ჩაიბარებს და ჩაატარებს ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც განთავსებულია მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრების სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისად ქალაქებში არაერთი მარშუტი იქნება იმისთვის, რომ არ მოხდეს დაზეპირება. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს იმ პირთა გადამზადების პროცესიც, ვინც პრაქტიკულ გამოცდებს ჩაიბარებს.
რაც შეეხება ავტოსკოლებს და მათ რეორგანიზაცია, მოგეხსენებათ ეს კერძო ბიზნესია, ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევაჯეროთ პოზიციები როგორც მათთან, ასევე სამთავრობო სტრუქტურებთან", - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში იმედა მაკასარაშვილმა.
შეგახსენებთ რომ მართვის მოწმობის გამოცდის ქუჩაში გადმოტანას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 2018 წლის 1 სექტემბრამდე ავალდებულებს.