Home
Category
TV Live Menu

"მიმაჩნია, რომ Brexit-ს საქართველოს ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება"

580b46843af44
BM.GE
22.10.16 14:54
1064
ფინანსთა სამინისტრომ მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზში შესულია ხუთი ნეგატიური და ოთხი დადებითი ფაქტორი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა აქვს. ნეგატიურ ფაქტორებს შორის, ფინანსთა სამინისტრო პირველ ადგილზე რეგიონში არსებულ არასტაბილურ გარემოს ასახელებს. ამავე დროს, მმართველი გუნდის მხრიდან ხშირად ისმის, რომ რეგიონში ლიდერები ვართ, - აღნიშნულ თემაზე ’’პაატა ბურჭუულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ ეკონომიკური ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი პაპავა საუბრობს.

-რამდენად იზიარებთ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური რისკების ანალიზში მოყვანილ ფაქტორებს და თითოეული რას ეხება?

-აქ მეტწილად საგარეო ფაქტორებია აღწერილი და მიმოხილული და ჩვენი საშუალებები თუ როგორ შეიძლება ვიხეიროთ ან პირიქით დავზარალდეთ კონკრეტულად აღნიშნული საგარეო ფაქტორების მხრიდან. ის მოვლენები, რაც აღწერილია ამ დოკუმენტში, რა თქმა უნდა, სახეზეა, უბრალოდ რამდენად სწორად არის შეფასებული აღნიშნული რისკები, ეს ცალკე თემაა. როდესაც რეგიონში არასტაბილურ გარემოზეა საუბარი, თუ დაიქცა რეგიონი ამას შეიძლება ძალიან დიდი გავლენა ქონდეს.

-ასახელებენ, რომ დღეს ეს არის პრობლემა...

-დოკუმენტი არის 2016-2020 წლების და შეფასებული აქვთ, რა რისკებმა შეიძლება იჩინოს თავი ამ პერიოდის განმავლობაში. მთავარი შენიშვნა მსგავსი დოკუმენტების მხრიდან რაც მაქვს, არის ის, რომ რეალურად ჩვენ რა პასუხს ვაპირებთ ამას ვერ ვხედავთ, ანუ შიდა მექანიზმებს ვერ ვხედავთ.

-თქვენი შეფასებით, რა დანიშნულება აქვს აღნიშნულ დოკუმენტს?

-ეს არის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მოკლე აღწერა, დესკრიფციული ხასიათის საერთაშორისო მოვლენების, რომლებსაც შესაძლოა, ჩვენზე გავლენა ქონდეს, მაგალითად, აქ ნახსენებია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდა, რაც გავლენას მთელ მსოფლიოზე მოახდენს, მათ შორის მიზერულად ჩვენზეც.

-ასევე ნეგატიურ მოვლენებში მოხსენიებულია Brexit-ი, რომელიც შესაძლოა მოცემული არც ყოფილიყო. რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ანალიზში ჩამოთვლილ მოვლენებს და რამდენად შესაძლოა მათზე კაპიტალიზება?

- Brexit-ის შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მას საქართველოს ეკონომიკაზე არანაირი გავლენა არ ექნება. ასევე, აქ ნავთობის ფასებია ნახსენები, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის დადებითთან ერთად უარყოფითიც არის, იმიტომ რომ ის გავლენა, რომელიც მას არაპირდაპირი გზებით, ჩვენი მეზობელი ქვეყნების გავლით ჩვენზე აქვს შესაძლოა გაცილებით უფრო ნეგატიური იყოს, ვიდრე საბოლოოდ პოზიტიური და არ მგონია, რომ ვინმეს ეს შეფასება გაკეთებული ქონდეს საქართველოში, საბოლოო ჯამში რა გავლენა მოახდინა ნავთობის ფასებმა.

-საინტერესოა, როგორ აბალანსებს ნეგატიურ და პოზიტიურ ფაქტორებში ერთმანეთს ერთი თემა, ეს არის ჩინეთი. ერთი მხრივ, პოზიტივია, რომ ჩინეთთან თავისუფალ ვაჭრობას მოვაწერეთ ხელი და მეორეა, რომ ვფრთხილობთ ჩინეთის ეკონომიკის შესაძლო სტაგნაციასთან დაკავშირებით, სადაც ზრდის ტემპები ფაქტიურად შენელებულია...

-ჩინეთის სტაგნაცია აქ ნეგატიურ ფაქტორებშია ნახსენები. დღეს ჩინეთში არანაირი სტაგნაცია არ არის და მოსალოდნელი საკამოდ დიდი ხნის განმავლობაში არ არის. დაახლოებით 7%-იანი ზრდა აქვს ჩინეთის ეკონომიკას დღეს და მსოფლიოს ვერ იქნებოდა გათვლა იმაზე, რომ ჩინეთს მუდმივად ორნიშნა ზრდა ექნებოდა. იმდენად დიდი ბაზარია, რომ საქართველოს შემთხვევაში ის გაიზრდება 7% თუ 8%-ით, ამას დიდი გავლენა ჩვენს ქვეყანაზე არ ექნება. თუ მაინც და მაინც იმ კომპანიას შეეხო, რომელიც საქართველოში ინვესტირებით არის დაინტერესებული, რომელიც ძალიან მცირე ჯგუფია ჩინეთის მასშტაბისთვის. ერთი, რაზეც გული დამწყდა ეს არის, როდესაც საინვესტიციო პროექტების ზრდა არის მოხსენიებული დადებით ფაქტორებში, აქ ორი წინადადებაა მითითებული - მთავრობის ჩართულობა და მე მგონია, რომ ეს პირიქით არის. აქ სავარაუდოდ საინვესტიციო პროექტებში ინფრასტრუქტურული პროექტები იგულისხმება, რომლებზეც წინასაარჩევნოდ აქტიურად საუბრობდნენ და დამატებითი სახსრების მოზიდვაზე აღნიშნავენ ინფრასტრუქტურის გასავითარებლად, მაგრამ ეს ჯერჯერობით საქართველოს ბიუჯეტში ასახული არ არის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობა მუშაობს, მაგრამ აღნიშნულის შესახებ კონკრეტიკა ჯერ არ გვაქვს. როდესაც ბიუჯეტის წარდგენა მოხდა, მას დამატებითი დოკუმენტები აქვს და ერთ-ერთი მათგანია სწორედ ეს, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. ეჭვი მეპარება, სადმე სხვაგან უფრო გაშლილად იყოს წარმოდგენილი.

ორი რამ მინდა გამოვყო, რაც არ მომეწონა ანალიზში. ერთი იყო, როდესაც კურსზე იყო გათვლილი, რომ 2017 წელს პოზიტიური იყო 2.17 და ნეგატიური - 2.43, რაც მგონია, რომ ის ნეგატიური ძალიან პოზიტიური ნეგატივია. ასევე, ზოგადად არ მომწონს, რომ დეფიციტის ზრდა ხდება საქართველოში, ანუ 2017 წლის ბიუჯეტი 3,7%-იანი დეფიციტზეა დაგეგმილი. როდესაც ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ბიუროკრატია ისევ არ შემცირდა, ანუ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას არ აპირებენ და მაგალითად, როდესაც ესტონური მოდელი მიიღეს, რასაც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავდა, მაშინ ერთ-ერთი ის იყო, რომ ადმინისტრაციულ ხარჯებს 400 მილიონით შევამცირებთ და ეს იქნება წინაპირობა იმისი, რომ ესტონურმა მოდელმა გაამართლოს და ა.შ.

ფისკალური რისკების დოკუმენტს რაც შეეხება, საგარეო შოკების ანალიზში აღნიშნული არ არის შიდა ფისკალური რისკები. ცალსახაა, რომ ბიუროკრატიის მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადასადგმელია.

Subscribe to our news

Get the main news of the day