Home
Category
TV Live Menu

მომავალ წელს ტურიზმის ადმინისტრაცია ციფრულ მარკეტინგზე 13 000 000 ლარს დახარჯავს

5835399d7b8dc
BM.GE
23.11.16 10:27
949
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენცია - Touch გაიმართა. კონფერენციის ძირითადი თემა იყო ტურიზმი ციფრულ სამყაროში. რამდენად ეფექტურად გამოიყენება აღნიშნული ტენდენცია - ტურიზმის სექტორში და რა ოდენობის თანხა იხარჯება ამ აქტივობაში, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.

-ბატონო გიორგი, დღეს ციფრული ტექნოლოგიები ნებისმიერ სექტორში აქტუალურია, საიდან წამოვიდა იდეა, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება გაგეკეთებინათ?

- ჩვენ შეგნებულად ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ვააქტიურებთ, როგორც ჩვენს აქტივობას, ასევე ჩვენს დანახარჯებს ციფრულ მარკეტინგში. ამას ორი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი ის არის, რომ მსოფლიო აქეთ მიდის და ტრადიციული მარკეტინგული არხები ციფრულთან შედარებით უკანა პლანზე გადადის, რამეთუ ადამიანები ქუჩებში გარე რეკლამას კი არ უყურებენ, არამედ თავიანთ სმარტფონებში არიან ჩარგულები, სადაც ისეთ პლატფორმებთან აქვთ წვდომა, როგორიცაა google, facebook და ა.შ. მეორე ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაა, ის, რომ ჩვენ ერთი გზავნილი და ერთი ტიპის ტურიზმი არ გვაქვს. უფრო დივერსიფიცირებული არის ის საშუალებები, რასაც საქართველო ტურისტს სთავაზობს და ყველა ამ გზავნილის ერთ ვიდეო რგოლში განთავსება, ერთ ბანერზე დახატვა ძალიან რთულია. ამას ის სიკეთეც ახლავს, რომ ციფრული მარკეტინგი უფრო იაფია, ვიდრე პირობითად ტრადიციული სატელევიზიო რეკლამა.

-ჩვენი ქვეყნის ციფრული მარკეტინგის სტრატეგია როგორია და რომელ ვებ-გვერდებზე და რა ტექნოლოგიების გამოყენებით კეთდება?

- ქვეყნების მიხედვით საქართველოს მიმართ სტანდარტული ინტერესი განსხვავებულია და ჩვენ უფრო სიღრმეში შეგვიძლია ჩავიდეთ და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს მივწვდეთ, დავაინტერესოთ ისინი. ძირითადი თანხები ისეთ დიდ პლატფორმებზე იხარჯება, როგორიც საერთაშორისო ბაზარზე არის facebook-ი და google. ჩვენ ყველა მარკეტინგული კამპანიის დროს, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული პოპულარული ვებ-გვერდები გვაქვს მოთხოვნილი, რომლებიც ლოკალური მოხმარებისაა, მაგრამ კონკრეტულ ქვეყნებში ძალიან პოპულარულია. წელს 10 ქვეყანაში ექსპერიმენტი ჩავატარეთ და ამ ქვეყნებში საქართველოზე არა მხოლოდ რეკლამას ნახულობენ, არამედ გამდიდრებულ კონტენტს იმ ინფორმაციითა და შეთავაზებებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

-მომავალ წელს კონკრეტულად ციფრულ მარკეტინგში რა ფინანსური რესურსები გაქვთ გათვალისწინებული?

-დაახლოებით 13 000 000 ლარი, რომელიც მხოლოდ კონკრეტულად ციფრული მარკეტინგის მიმართულებით დაიხარჯება. ჩვენ უფრო დეტალებში ჩავედით, ანალიზი გავაკეთეთ და კამპანიის დროს არა მხოლოდ ’’ნახვებს“ ვყიდულობთ, არამედ ’’კლიკებსაც“.

Subscribe to our news

Get the main news of the day