Home
Category
TV Live Menu

ნატახტარი: აქციზის ახალი განაკვეთი მაღალალკოჰოლური ლუდის ფასზე იქონიებს გავლენას

5939662fbcfff
ელენე გოგბერაშვილი
08.06.17 19:00
929
პარლამენტმა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც ლუდის ინდუსტრიისთვის აქციზის განაკვეთის დადგენის სტრუქტურა იცვლება. მთავრობის მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, აქციზის განაკვეთის დაანგარიშება მოხდება არა ლიტრაჟის, არამედ მასში ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით. ბიზნესი თითქმის 2 წელია აქციზის სტრუქტურის შეცვლასთან ერთად ითხოვდა 1 გრადუს ლუდზე აქციზის განაკვეთი 10 თეთრით განსაზღვრულიყო, თუმცა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების პროექტის მიხედვით, ლუდის ინდუსტრია 1 გრადუს ლუდზე არა 10 თეთრს, არამედ 12 თეთრს გადაიხდის.

ნატახტარის კორპორატიული დირექტორის, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, 12 თეთრიანი განაკვეთი ინდუსტრიას ბიძგს მისცემს ახალი მიმართულება განავითარონ და მაღალალკოჰოლური ლუდის წარმოებიდან დაბალი ალკოჰოლის შემცველობის ლუდის წარმოებაზე გადავიდნენ.

"მოლოდინი, რომ 10 თეთრიანი განაკვეთი გვექნებოდა, დიდი ხანია აღარ გვაქვს, თუმცა 12 თეთრი საშუალებას გვაძლევს სრულიად ახალი -დაბალალკოჰოლური ლუდის წარმოების მიმართულებით განვითარდეთ. ახალი განაკვეთი ერთმნიშვნელოვნად იქონიებს გავლენას მაღალალკოჰოლური ლუდის ფასზე.

მაგალითაც 8 გრადუსიანი ლუდის შემთხვევაში აქციზი გახდება 96 თეთრი და არა 60 თეთრი, თუმცა 4 გრადუსიან ლუდზე გადასახადი იქნება 48 თეთრი. სავარაუდოდ დაბალალკოჰოლურ ლუდზე ჩვენ ფასს შევინარჩუნებთ, რაც დაგვიბალანსებს იმ დანაკლისს, რაც ლარის დევალვაციით და აქციზის განაკვეთის გაზრდით იყო გამოწვეული ამ 2 წლის განმავლობაში’’-აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ლუდზე აქციზი ბოლოს 2015 წლის მარტში 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა. ბიზნესი აცხადებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ინდუსტრიამ 30 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, რაც როგორც აქციზის განაკვეთის მატებით, ისე ლარის დევალვაციით იყო განპირობებული. აქციზის სტრუქტურის შეცვლის შემდეგ ბიზნესი დაკარგული პოიზიციების დაბრუნებას მომავალი წლისთვის პროგნოზირებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day