Home
Category
TV Live Menu

სამინისტრო: ელექტროენერგიის ტარიფი, სავარაუდოდ, გაიზრდება

5a2a60e0017b1
დავით ჯალაღონია
08.12.17 13:50
812
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ჩიქოვანის ვარაუდით, ელექტროენერგიის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება. ამის შესახებ ჩიქოვანმა Bm.ge–სთან საუბრისას განაცხადა.

„ტარიფის კორექტორება სემეკის კომპეტენციაა. გენერაციის რამდენიმე ახალი ობიექტია შესული ექსპლოატაციაში. ჩემი აზრით, ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება, თუმცა არა მნიშვნელოვნად, რომ ეს მძიმედ დააწვეს მოსახლეობას“, – განაცხადა ჩქოვანმა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის გატარების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფებს „თელასისა“ და „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის წლის ბოლომდე დაითვლის.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ იმ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის შედეგად უნდა გაატაროს, გენერაციის ახალი ობიექტების ფისკალური რისკების გათვალისწინებით.

კითხვაზე, როგორ შეიძლება ერთდროულად, ერთის მხრივ ახალი, რენტაბელური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არ შეფერხდეს და მეორეს მხრივ, მათი გამომუშავებული ელექტროენერგია სამომხმარებლო ტარიფს მძიმედ არ დააწვეს, გიორგი ჩიქოვანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „შეუძლებელია რაღაც ახალი აშენდეს და ის არ აისახოს ტარიფზე“.

„ჩვენ მოხმარების სერიოზული ზრდა გვაქვს, რაც ახალ რესურსებს და გენრაციის ახალ ობიექტებს საჭიროებს. ახალი უფრო ძვირია. ჩვენ „ენგურჰესი“ დაგვრჩა ძველი დროიდან. ახალი ობიექტი კი ახალ, მეტ ტარიფს საჭიროებს და არ უნდა გვქონდეს იმის შეგრძნება, რომ პირიქით, გაიაფდება ელექტროენერგია, ვინაიდან თითოეული ახალი კილოვატი სერიოზულ ინვესტიციებს მოითხოვს. რაც შეეხება ჩვენს ხედვას სავალუტო ფონდთან – ჩვენი მიზანია, გაკეთდეს სტრატეგია, სადაც გაიწერება, რა იქნება ჩვენი მოხმარება მომავალში და რითი უნდა დაკმაყოფლდეს. როდესაც ამას გავუზიარებთ იგივე სსფ–ს, მათ საკმაოდ კარგი სპეციალისტები ჰყავთ და ნახავენ, რომ მოხმარება თუ იზრდება, ეს ობიექტები საჭიროა და ამ მხრივ ვაპირებთ ზუსტად მათთან მუშაობას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ენერგოსექტორში ფისკალური რისკების მართვისკენ მოუწოდებს. ამ მიზნით ხელისუფლება ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, რის შედეგადაც კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ ახალი კანონის პროექტი დაიწერა. კანონპროექტი ახალი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფების შეფასებას ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ანალიტიკური დეპარტამენტისა და კერძო აუდიტის ჩართულობით ითვალისწინებს. ენერგეტიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამ მიდგომით ახალი ობიექტები სამართლიან და საბაზრო კონიუნქტურასთან მიახლოებულ ტარიფებს მიიღებენ, რაც სამომავლოდ საფუძველი იქნება იმისა, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფომ შედარებით მისაღებ ფასად შეიძინოს ადგილობრივი ელექტროენერგია და მეორეს მხრივ, ეს ახალი წყაროები საბოლოო მომხმარებელს ძვირი არ დაუჯდეს. რაც შეეხება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს, მსგავსი პრაქტიკა სავარაუდოდ, 2018 წლიდან აღარ იარსებებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day