2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა.
დღეის მდგომარეობით არსებული ჯარიმის ოდენობა ფიზიკური პირებისთვის 10 ლარი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 100 ლარია. პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით აღნიშნული ჯარიმების მოცულობა იზრდება.
ცვლილება შედის 118-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე, იცვლება 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, კერძოდ, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის გაიზრდება 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირებისთვის ან ინდივიდუალური მეწარმეებისთვის - 200 ლარამდე.
კანონპროექტი გამოიწვევს სხვა სახის გადასახდელის ოდენობის ზრდას, კერძოდ, ფიზიკური პირისათვის 10 ლარის ნაცვლად 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.