Home
Category
TV Live Menu

1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მიწის რეგისტრაციაზე 45 575 განცხადება შევიდა

57cebdde0ff3b
BM.GE
06.09.16 17:00
956
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობის პირველი თვის შედეგები შეაჯამა. სამინისტროს ცნობით, 1 აგვისტოდან დღემდე საჯარო რეესტრში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 45 575 განცხადება შევიდა (შარშან ამავე პერიოდში იდენტური მოთხოვნით მხოლოდ 7 526 მოქალაქემ მოგვმართა).

აქედან 12 164 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა თავად მოიძია საჭირო საბუთები და ყოველგვარი ბარიერის გარეშე მოქალაქეს მიწა წარმატებით დაურეგისტრირა. 25 743 შემთხვევაში საჯარო რეესტრმა, რეფორმის შედეგად შეძენილი ახალი უფლებამოსილებების წყალობით, მოქალაქის ნაცვლად თავად დაიწყო სხვადასხვა უწყებაში შესაბამისი საბუთების მოძიება და ამ განცხადებათა დიდი ოდენობა ასევე წარმატებით დასრულდება, 4 648 განცხადება კი ამჟამად შესწავლის პროცესშია.

განცხადებების წარდგენის კუთხით, ყველაზე მაღალი აქტივობით შემდეგი მუნიციპალიტეტები გამოირჩევა: გარდაბანი, მცხეთა, თბილისი, მარნეული, ოზურგეთი, დუშეთი, ზუგდიდი, თელავი, გორი და ლანჩხუთი. ერთი თვის განმავლობაში დღეში, საშუალოდ, 1400 განცხადება შემოდიოდა, ხოლო რეკორდულად დიდი ოდენობის განცხადება 31 აგვისტოს შემოვიდა (4994).

ამას გარდა, რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა აზომვითი ნახაზის ახალი სტანდარტი და 1 სექტემბრიდან განხორციელებული ყველა ნახაზი ამ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს. გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მოქალაქეს შორის, კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე − ამზომველი.

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა რამდენიმე დღის წინ მიიღო აკრედიტაცია და დღეისათვის უკვე 5 ამზომველზე გასცა სერტიფიკატი.

"ერთადერთი სფერო, სადაც ახლა ტემპის აჩქარებაა საჭირო, ადგილობრივი თვითმმართველობის აღიარების კომისიები გახლავთ, რომლებსაც ჯერჯერობით საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილი არცერთი საქმის განხილვა არ დაუსრულებიათ. მიუხედავად ამისა, მათგან დიდია ინტერესი მეთოდთან დაკავშირებით და ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. რაც მთავარია, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ მათთვის ეს პროცედურაც არის, კანონის თანახმად, უფასო", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day