გასული კვირის მიწურულს „ბიუ ბიუს“ 10 წლის იუბილესთან ერთად ჩირინამ სართიჭალაში ხორცპროდუქტების ახალი საწარმო გახსნა. ხორცპროდუქტების საწარმო 2600 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, თუმცა დამხმარე შენობებთან ერთად ის მთლიანობაში 3 ჰექტრამდე მიწის ფართობს იკავებს. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მილიონი ლარია. პროექტის თანადაფინანსება საქართველოს ბანკის, EBRD-ის და სოფლის განვითარების სააგენტოს "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი ლარის მოცულობის მხარდაჭერით განხორციელდა. „ბიუ ბიუს“ პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2013 წლის 7 ივლისს გამოჩნდა და 10 წლის შემდეგ ახალი საწარმოს დამატებით კომპანიის სტრატეგიული განვითარების შემდეგი ეტაპი დაიწყო.კომპანია „ჩირინა“ ხორცპროდუქტების ახალი საწარმოს გახსნასთან ერთად, აგვისტოდან ახალი ფორმატის „ბიუ-ბიუს“ ბრენდული მაღაზიების გახსნას იწყებს.