Home
Category
TV Live Menu

13 ივნისი - მერია სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს და აღდგენით სამუშაოებს აჯამებს

593f7aa0ec6db
BM.GE
13.06.17 09:38
824
თბილისის მერიის ინფორმაციით, 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი.

”სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადმორიცხეს. სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მლნ ლარზე მეტი შეგროვდა. ეს თანხა მოიცავს უცხო ქვეყნებიდან მიღებულ დახმარებებს, ასევე „ქართუ ჯგუფის“ მიერ გადმორიცხულ 10 მილიონ 250 ათას ლარს. კერძო პირებისა და კომპანიების მხარდაჭერის შედეგად, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა და დაუკანონებელი ფართების მესაკუთრეებმა 35 ბინის მიღება შეძლეს”, - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მერია მიუთითებს იმასაც, რომ კანონიერი საფუძვლის გარეშე სტიქიის ზონაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა.

”დედაქალაქის მერიის შეთავაზებას საცხოვრებელი სახლისა და ფულადი დახმარების მიღების შესახებ 8 ოჯახი დაეთანხმა, ხუთმა ოჯახმა კი უარი განაცხადა. მათ მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო მასშტაბური ფულადი დახმარება მოითხოვეს, უარის მიღების შემდეგ, კი სასამართლოს მიმართეს. ამჟამად საქმეს სასამართლო განიხილავს. დედაქალაქის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დაზარალებული მოსახლეობა ოჯახებისა და სულადობის მიხედვით აღწერეს. მიყენებული ზიანის მიხედვით, განისაზღვრა კატეგორიები - პირველი კატეგორიის ობიექტებში შევიდა ის სახლები, რომლებიც სრულად განადგურდა, ხოლო მეორე კატეგორიად განისაზღვრა ის ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაც შესაძლებელი იყო. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად, სრულად განადგურდა 84, ხოლო დაზიანდა 158 საცხოვრებელი სახლი. პირველი კატეგორია ამ დროისათვის, თითქმის, სრულად დაკმაყოფილებულია. მეორე კატეგორიაში მოხვედრილ საცხოვრებელ სახლებს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება. შემუშავდა დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესიც. ამასთან, დადგინდა დაუკანონებელი ფართის მქონე დაზარალებული პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობაც, მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. დაზარალებულებმა ფულადი დახმარებები საოჯახო ნივთების შესაძენადაც მიიღეს. თბილისის მერიამ სტიქიის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალებების მესაკუთრეთათვის ფულადი დახმარების წესიც შეიმუშავა და 153 პირს ზარალი აუნაზღაურა”,- აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები თბილისის მერიას 40 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა”, - აღნიშნავენ მერიაში.

დედაქალაქის მთავრობის მიერ, მომზადდა ვერეს ხეობის სივრცით - ტერიტორიული განვითარების კონცეფციაც, რომლის თანახმადაც, ვერეს ხეობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსის, ტყე-პარკის, ველოტრასებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ამჟამად მიმდინარეობს მზიურის პარკის პროექტირება, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია პარკის მშენებლობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მდინარე ვერეზე თბილისის მერიის მიერ შეძენილი წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დაამონტაჟა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.

Subscribe to our news

Get the main news of the day