სიღნაღის რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ბოლოს სოფელი ტიბაანი მდებარეობს. აქ, კახეთში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და კარგი მიწებია ღვინის შესაქმნელად. უკვე წლებია ამ მიწის სიკეთეებით ადგილობრივები აქტიურად სარგებლობენ. ტიბაანში ზაფხულობით, ერთი გამორჩეული ბიჭი ჯემალ ხატიაშვილი ჩადიოდა, რომელიც ბავშვობიდან უყურებდა როგორ უვლიდა მისი ოჯახი ვენახს, როგორ აყენებდა ღვინოს 100 წლოვან ქვევრებში. 14 წლისამ იფიქრა რომ ამის გაკეთება დამოუკიდებლადაც შეეძლო.
"ყველაფერი საგვარეულო ისტორიითა და ტრადიციებით დაიწყო, ჩვენი ოჯახის წინაპრები აქტიურად იყვნენ ჩართული მევენახეობაში და საკმაოდ კარგ ღვინოსაც აყენებდნენ“, - ღვინო, რომელიც დამოუკიდებლად ოთხი წლის წინ დააყენა, მხოლოდ სამი წლის შემდეგ გახსნა და აღმოაჩინა, რომ საკმაოდ კარგი გამოსვლია. პირველი პროდუქტი სერიოზული გეგმების საფუძველი გახდა.
ახლა 18 წლისაა და უკვე აქვს საკუთარი კომპანია - "ხატიაშვილის მევენახეობა“. კომპანიასაც დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და საოჯახო ვენახის ყურძნის სრულად ათვისებას გეგმავს. "კომპანია 1 თვის წინ დავაფუძნე, დავინახე რომ რესურსი არსებობდა, თან გავიზარდე და უკვე შემიძლია ამ საქმიანობას ბიზნესის სახე მივცე“ - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.
პირველი ნაბიჯებისთვის საჭირო ინვენტარი საკუთარი დანაზოგით შეიძინა, რომელიც საზაფხულო არდადეგების პერიოდში დააგროვა. ჯემალ ხატიაშვილი ამბობს რომ გაფართოებას სერიოზული აღჭურვილობა სჭირდება და აქ ოჯახის იმედი აქვს.
18 წლის მეღვინის ანგარიშზე ახლა 140 ლიტრი ქვევრის ღვინოა, ნაწილი ბოთლებში, ნაწილი კასრებში. „ხატიაშვილის მევენახეობა“ პირველი საჯარო სიტყვისთვის ემზადება - ჯემალი საკუთარ პროდუქტს ივლისსა და აგვისტოში ბათუმის ღვინის ფესტივალზე წარადგენს. ქვევრში რქაწითელს აყენებს, ამზადებს ალადასტურს და გეგმავს საფერავის ჩამოსხმას. კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის პირველკურსელი გეგმავს, რომ მალე ვენახი დამოუკიდებლად გააშენოს და ბიო ღვინო დაამზადოს. უნივერსიტეტიში ბიზნეს წარმოებას ეუფლება, პრაქტიკას კი სოფელ ტიბაანიდან იწყებს.
ჯემალის ღვინო მისმა ოჯახმა არა მხოლოდ დააგემოვნა და მოიწონა, არამედ ოჯახურ ბიზნესშიც გამოიყვანა. ხატიაშვილებს ტიბაანში ყველის ქარხანა აქვთ, სადაც ღვინოში დამზადებული ყველი იწარმოება. ეს უნიკალური სტატუსის მქონე ნაწარმი მალე 18 წლის მეღვინის მიერ დაწურული ღვინით შეიქმნება. „როცა ჩემმა ოჯახის წევრებმა ყველი ჩემს ღვინოში დატესტეს, ის უფრო გემრიელი გამოვიდა, ვიდრე აქამდე" – გვიყვება ჯემალ ხატიაშვილი.
14 წლის ასაკში შექმნილი ღვინის პირველი დეგუსტატორები ჯემალის დედა და ბიძაშვილი იყვნენ, ახალგაზრდა ბიჭი დიდი გეგმებით ღვინის ინდუსტიაში საკუთარი სიტყვის სათქმელად ემზადება.