Home
Category
TV Live Menu

15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პასპორტის აღება 50 ლარი ეღირება, პირადობის მოწმობა კი უფასოდ გაიცემა

584e86854abfd
BM.GE
12.12.16 15:12
1287
15 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით პირადობის მოწმობები უფასოდ გაიცემა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კი 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი ეღირება,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქციით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვიესბის განვითარების სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.
ამ პერიოდის განმავლობაში იუსტიციის სახლების ქუთაისისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ შაბათსაც და კვირასაც.

აქციის ფარგლებში დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან ფოტოსურათის საფასურისგანაც.

თეა წულუკიანის თქმით, 2017 წელსაც საქართველოში იმართება არჩევნები, რისთვისაც საარჩევნო სიების მოწესრიგება მნიშვნელოვანია.

„2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტრის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს - „ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს“,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.
თეა წულუკიანის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესების დადებითად დასრულებისთვის იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებია ინტენსიურად მუშაობს.

„ვინაიდან საქართველო უკვე ელოდება ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო გადაწყვეტილებას, აუცილებელია, საქართველოს ყველა მოქალაქემ კიდევ ერთხელ წინასწარ გაიაზროს ამ განვითარების მიზნების გარდა, საკუთარი თავისა და ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენისთვის გამოიყენოს. ლეგალური ჩასვლა ევროკავშირის ქვეყნებში და დათქმულ დროში უკან დაბრუნება უნდა გახდეს ჩვენი წესი, რისთვისაც ბიომეტრიული პასპორტი აუცილებელია“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით საქართველოს 2 368 346-ზე მეტი მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 341 373 მოქალაქე-საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სამოქალაქო რეესტრის ბაზებში 2,7 მილიონზე მეტი ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

Subscribe to our news

Get the main news of the day