Home
Category
TV Live Menu

"2015 წელს აიპებში დასაქმებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზარდა"

582084e450287
BM.GE
07.11.16 17:41
1622
2017 წლის ბიუჯეტის პროექტით საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებითვის დაგეგმილი შემოსულობებისა და გადასახდელების მოცულობები 2016 წელთან შედარებით ზრდის ტენდენციით ხასიათდება. რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს აუდიტის სამსახურს მთავრობასთან,- თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მამრიკიშვილი საუბრობს.

-ბატონო გიორგი, აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც სიპებისა და აიპების შესახებ საუბრობს და მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს. რა იყო ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც თქვენმა სამსახურმა გასცა?

- სახელმწიფო აუდიტის სამსახური დიდ ყურადღებას აქცევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობას და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი რეკომენდაცია გვაქვს გაცემული. დღევანდელი მდგომრეობით, 1000-ზე მეტი აიპი არის შექმნიული, რომელშიც 60 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და რომელთა დაფინანსებაზეც ყოველწლიურად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 000 ლარზე მეტი იხარჯება. თუ ჩვენ ამ მონაცემებს წლების მიხედვით გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, როგორც აიპიების რაოდენობა, ისე მასში დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად ანაზღაურებაც.

-მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციებს გასცემენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ზუსტი რაოდენობა მითითებული არ არის, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს რეკომენდაცია შესრულებული იყოს, რომლის საერთაშორისო სავალუტი ფონდის რეკომენდაციაც არის სიპების და აიპების რაოდენობასთან დაკავშირებით?

-სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ცალსახა რეკომენდაცია არ გაუცემია რომ უნდა შემცირდეს სიპებისა და აიპების რაოდენობა და ვერც გასცემდა. ანალოგიური პრობლემა იყო მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში შესაბამისი ცვლილება შევიდა და სპეციალური ფორმულა დაწესდა, რომლითაც მუნიციპალიტეტში დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შემცირებულიყო, რეალურად მოხდა ის, რომ 2015 წელს მართალია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში დასაქმებულთა რაოდენობა 2800 ადამიანით შემცირდა, მაგრამ სანაცვლოდ ეს ხალხი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში დასაქმდა. თუ მაგალითად წინა წლების პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად წინა წლებთან შედარებით 6000-7000-ით იზრდებოდა აიპიებში დასაქმებულთა რაოდენობა, 2015 წელს აიპებში დასაქმებულთა რაოდენობა10 000-ით გაიზარდა 2014 წელთან შედარებით და მაქსიმუმს მიაღწია.

2015 წელს შრომის ანაზღაურების მუხლში რაც 2014 წელს იყო უმნიშვნელოდ შემცირდა, დაახლოებით 2 000 000 ლარზეა საუბარი. მაშინ, როდესაც აიპიებში დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისად მათი დაფინანსებაც გაიზარდა. ასე, რომ ერთმნიშვნელოვნად შემცირება შედეგის მომტანი არ არის, ანუ ჩვენი რეკომენდაცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა იყოს ის, რომ პროდუქტიულობა გაიზარდოს. მსჯელობა შესაძლებელია ორი მიმართულებით წავიდეს. ამ ეტაპზე 1000 აიპია, რომელზეც დაახლოებით 300 000 000 ლარი იხარჯება და დაახლოებით 60 000 ადამიანია დასაქმებული, ერთი ვარიანტია რომ ეს რაოდენობა შემცირდეს და მოსახლეობას იგივე რაოდენობის პროდუქტი და სერვისი მიეწოდოს, ან პროდუქტიულობა გაიზარდოს და ამ ცვლილების გარეშე მოსახლეობას უკეთესი ხარისხის და რაოდენობის მომსახურება გაუწიოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

-თქვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი მხრივ, საბიუჯეტო უწყებების და მეორე მხრივ, ფინანსთა სამინისტროს მიერ ყველა მოქმედი სიპისა და აიპის შესახებ იმფორმაციის წარმოდგენა და ბიუჯეტის პროექტში ასახვა. რა ინფორმაციის წარდგენაზეა კონკრეტულად საუბარი?

-ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთ დამატებით ფუნქციაზე, რომელიც ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოსულობებთან და გადასახდელებთან დაკავშირებით და მათ საფუძვლიანობასა და კანონიერებასთან მიმართებაში გაკეთებულ დასკვნას გულისხმობს. კონკრეტულ შემთხვევაში 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზეა საუბარი და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე. როგორც აღმოჩნდა სამწუხაროდ, ეს შეიძლება ტექნიკური ხარვეზიც იყო რადგან რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ბიუჯეტში ვერ მოხვდა მაშინ, როდესაც 2017 წელს მათი საქმიანობა განსაზღვრული არის და შესაბამისად ისინი 2017 წლის ბიუჯეტით დაფინანსებას აუცილებლად მიიღებენ. საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც არის მაგალითად, შესყიდვების სააგენტო, ასევე საქპატენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს კლუბი და ა.შ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტისთვის ერთგვარი მრჩევლის ფუნქციას ასრულებს. ჩვენ შესაბამის რეკომენდაციებს ვაძლევთ და ინფორმაციას ვაწვდით, რომ ამ აიპიების და შპს-ების შესაბამის ბიუჯეტში საუბარი არ არის და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ეტაპზე აღნიშნულ ხარვეზზე ფინანსთა სამინისტროც გვეთანხმება და ზეპირი ფორმით შესაბამისი გარანტიები არსებობს, რომ ამ სიპების და აიპიების შესახებ საბოლოოდ დამტკიცებულ ბიუჯეტში შესული აუცილებლად იქნება.

Subscribe to our news

Get the main news of the day