GoPro-მ გასული წლის ფინანსური საქმიანობა შეაჯამა და აღმოჩნდა, რომ გასული წელი კომპანიისთვის წამგებიანი იყო.
კომპანიის ცნობით, შარშანდელი მაჩვენებლებით შემოსავალი მეოთხე კვარტალში 540 მილიონი აშშ დოლარი იყო, მაგრამ მთლიანად წლის მაჩვენებლით კომპანიის დანაკარგმა 373 მილიონი დოლარი შეადგინა, შემოსავალმა კი - 1,2 მილიარდი აშშ დოლარი, - წერს The Verge.
შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, GoPro-ს ფასიანი ქაღალდები 13%-ით გაუფასურდა.
გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ზარალის მიზეზი დრონი Karma იყო, რადგან დეფექტის გამოსასწორებლად მისი უკან გაწვევა გახდა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკ ვუდმენმა მიმდინარე წელს ახალი ხაზის Go Pro Hero 6-ის გამოშვების შესახებ განცხადება გააკეთა.