ნიკა გილაური მის მიერ დაფუძნებული კომპანიის რეფორმატიკსის 2016 წლის საქმიანობას აჯამებს. შეგახსენებთ, რომ „რეფორმატიკსი“ 2012 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს რეფორმატორი ქვეყნების მთავრობებს, საქართველოსა და მსოფლიოს ეკონომიკის, ბიზნეს გარემოს, სახელმწიფო სერვისების, ენერგეტიკის, ანტი-კორუფციული და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით რეფორმებზე საკონსულატაციო მომსახურებას უწევს.
„2016 წელს, მსოფლიოს 4 კონტინენტზე 12 ქვეყნის მთავრობას მივეცით პრაქტიკული და სასარგებლო რეკომენდაციები მრავალი მიმართულებით. ბოლო ხანებში პერიოდულობით გიზიარებთ ინფორმაციას ჩვენი საქმიანობის შესახებ, რამაც დიდი დაინტერესება გამოიწვია. ამიტომაც გადავწყვიტე მოკლედ შემეჯამებინა გასული წლის საქმიანობა.
ყაზახეთის მთავრობასთან გრძელვადიანი პროექტი 2014 წელს დავიწყეთ და, ძირითადად, ქვეყნის Doing Business-ის რეიტინგის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ჩვენი რეკომენდაციების შედეგად, ყაზახეთი მსოფლიო ბანკის Doing Business-ის 2017 წლის რეიტინგში 35-ე პოზიციაზე გადავიდა, მაშინ, როდესაც 2014 წელს იგივე რეიტინგში 77-ე ადგილზე იყო. ასევე, ნიგერიის მთავრობასთან მოლაპარაკებები ძალიან კარგად დასრულდა და რამდენიმე დღეში გრძელვადიან ხელშეკრულებას გავაფორმებთ უმსხვილეს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-სთან ერთად Doing Business-ის რეფორმებზე მუშაობის დასაწყებად.
ავღანეთში ერთწლიანი თანამშრომლობის შედეგად, წლის ბოლოს ქვეყნის უმაღლეს ეკონომიკურ საბჭოს, პრეზდენტის მეთაურობით, სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების პრაქტიკული რეკომენდაციები მივეცით. საბოლოო ჯამში, ავღანეთის პრეზიდენტმა სპეციალური კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც რეფორმების და წარდგენილი რეკომენდაციების განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები რეკომენდაციების განხორციელების პროცესში რეფორმატიკსის აქტიურ ჩართვაზე.
გასულ წელს უნგრეთის ეროვნულ ბანკთან ასევე ძალიან საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ, რომელიც წელსაც გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში უნგრეთის ეროვნულ ბანკს ქვეყნის რეგიონალური კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე მივეცით რეკომენდაციები, კონკრეტულად კი ფინანსური და საბანკო სექტორის, საგადასახადო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
ალბანეთში მთავრობას ერთი სარკმლის პრინციპით სახელმწიფო სერვისების მიწოდების სტრატეგიის შემუშავებაში დავეხმარეთ და საპილოტე რეგიონალური სერვის ცენტრების ამუშავებაში ვიყავით ჩართულები. უახლოეს პერიოდში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დამატებით რამდენიმე მომსხურების ცენტრი ამუშავდება, რომელიც მომხმარებლებს გამარტივებულ და ერთი სივრცის პრინიპით მიწოდებულ სერვისებს შესთავაზებს.
ტაჯიკეთსა და უზბეკეთში, ენერგო სექტორის გაუმჯობესების მიმართულებით ვიმუშავეთ და ორივე ქვეყნის მთავრობას ენერგო სექტორის განვითარების შესახებ რეკომენდაციები მივეცით.
გარდა ამისა, გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან საინტერესო და მაღალი დონის შეხვედრებში მივიღე მონაწილეობა, სადაც საშუალება მქონდა კონკრეტული ქვეყნების მთავრობებისთვის საქართველოს წარმატებული გამოცდილება გამეზიარებინა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაგვესახა. მათ შორისაა შრი-ლანკა და განა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების რეფორმები შევაფასე და რეფორმების განხორციელების პრაქტიკული რეკომენდაციები მივეცი.
კოლუმბიის მთავრობა, 2016 წელს მემარცხენე ამბოხებულ ჯგუფთან (FARC) სამშვიდობო ზავის შემდეგ, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებას გეგმავს. რამდენიმე თვის წინ კოლუმბიის მთავრობამ მიმიწვია ქვეყანაში დაგეგმილი სამომავლო ეკონომიკური რეფორმების განსახილველად.
ჯიბუტიში მაღალი დონის სამთავრობო კონფერენციაზე მსოფლიო ბანკის რეგიონალურ პრეზიდენტთან ერთად მთავარი მომხსენებელი ვიყავი, სადაც 2004-2012 წლების საქართველოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციაზე გავაკეთე მოხსენება. ქვეყნის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოს გამოცდილების გაზიარებით და იმედი მაქვს შევძლებთ მათთან თანამშრომლობის დაწყებას.
წლის ბოლოს კი საუდის არაბეთში ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლებას საქართველოს საგადასახადო და საბაჟო რეფორმის წარმატებული გამოცდილება გავუზიარე. ნავთობზე დაბალი ფასების პირობებში, საუდის არაბეთის მთავრობა აქტიუარდ გეგმავს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირებისათვის.
დასასრულს მინდა გითხრათ, რომ 2017-შიც რეფორმატიკს უკვე დაგეგმილი აქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც კვლავინდებურად ქართულ და მსოფლიო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მთავრობებს დავეხმარებით უფრო ეფექტურად და წარმატებულად მოახდინონ სახელმწიფო ადმინისტრირება, გაზარდონ ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა, გააუმჯობესონ ბიზნეს გარემო, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს მათი მოქალაქეების კეთილდღეობას”, - წერს გილაური საკუთარ სოციალურ ქსელში.