Home
Category
TV Live Menu

2016 წელს საპატრულო პოლიციამ 1,174,178 საჯარიმო ქვითარი გამოწერა

59564677d0398
BM.GE
30.06.17 16:37
812
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის ყოველწლიურ მატებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება საგზაო მოძრაობის წესების დაცვისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული პრობლემები.

IDFI აღნიშნავს, რომ 2013-2016 წლებში, საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამართალდარღვევებისთვის დაჯარიმებულთა ტენდენციები, ხშირ შემთხვევაში, საქართველოში არსებულ არათანმიმდევრულ საჯარიმო პოლიტიკაზე მიუთითებს.

ამასთან არასამთავრობო მიუთითებს, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე დაჯარიმებულთა რაოდენობის მკვეთრი ცვლილება, შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორების არ არსებობის პირობებში, საჯარიმო პოლიტიკის მიზანმიმართულად შერბილების, თუ გამკაცრების ნიშნებს შეიცავს. მაგალითად, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, უცვლელი სანქციების პირობებში, დაახლოებით 300 ათასით ნაკლები საჯარიმო ქვითარი გამოიწერა, რაც უმეტესწილად განპირობებულია დაბალჯარიმიან დარღვევებზე კონტროლის შესუსტებით.

„2013-2016 წლებში საგზაო წესების დარღვევისთვის დაკისრებული საჯარიმო თანხების საერთო მაჩვენებლები აჩენს ეჭვს, რომ საჯარიმო პოლიტიკის განსაზღვრისას გარკვეულ როლს თამაშობს მსგავსი სანქციებით დაგეგმილი საბიუჯეტო შემოსავლები. მაგალითად, 2016 წელს, მიუხედავად იმისა, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაჯარიმებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით დაახლოებით 160 ათასით შემცირდა, უცვლელი სანქციების პირობებში, დაკისრებული თანხა დაახლოებით 300 ათასი ლარით გაიზარდა. 2016 წელს, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე კონტროლის შესუსტების ფონზე, დაკისრებული საჯარიმო თანხის ზრდა, გარკვეულწილად, შესაძლებელი გახადა კონკრეტული სამართალდარღვევების მაღალჯარიმიანი მუხლით დაკვალიფიცირებამ.

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2017 წელს საქართველოს ხელისუფლებამ, არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, განახორციელა მთელი რიგი საკანონდმებლო ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის კონტროლთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შედეგიან აღსრულებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევისა და საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას“, - განმარტავენ IDFI-ში.

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 6,939 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი), რის შედეგადაც დაიღუპა 581, ხოლო დაშავდა 9,951 ადამიანი. 2015 წელს ფიქსირდება 6,432 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა (დაიღუპა 602, დაშავადა 9,187), ხოლო 2014 წელს - 5,992 შემთხვევა (დაიღუპა 511, დაშავდა 8,536).

ბოლო 4 წლის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ მძღოლების/სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეების დაჯარიმების შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2016 წელს ფიქსირდება. კერძოდ, 2016 წელს საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სულ გამოწერა 1,174,178 საჯარიმო ქვითარი, მაშინ, როდესაც 2015 წელს გამოწერილი იყო 1,454,100 საჯარიმო ქვითარი, 2014 წელს - 1,304,570, ხოლო 2013 წელს - 1,179,354.

Subscribe to our news

Get the main news of the day