2016 წელს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.2%-ით გაიზარდა. Galt&Taggart-ის ინფორმაციით, აღნიშნულ ზრდაში ძირითადი წვლილი მიუძღვის თელასის აბონენტების მოხმარების 15.3%-იან ზრდას, რაც 2015 წლის ზრდის ტემპს (7.5%) ორჯერ აღემატება.
აფხაზეთის მოხმარება 2016 წელს გაიზარდა წლიური 7.0%-ით. ენერგო-პროს აბონენტთა მოხმარება გაიზარდა 3.3%-ით 2016 წელს, რაც ოდნავ ჩამოუვარდება წინა წლის ზრდის ტემპს (4.3%). კახეთის ენერგო დისტრიბუციის მოხმარება მხოლოდ 1.9%-ით გაიზარდა, წინა წლებში საკმაოდ დიდი ზრდის ტემპების (2015 – 8.4%, 2014 – 8.1%) შემდეგ. პირდაპირი მომხმარებლების ჯამური მოხმარება 2016 წელს 1.0%-ით შემცირდა, თუმცა, აღნიშნული შემცირება, 2016 წელს რუსთავის წყალის პირდაპირი მომხმარებლის სტატუსზე უარის თქმის შედეგია. ყველაზე მსხვილი მომხმარებლის, ჯორჯიან მანგანეზის, მოხმარება 4.4%-ით არის გაზრდილი 2015 წლის დაბალი ბაზიდან (-20.3% წ/წ).
შიდა გენერაციის წყაროებმა თითქმის სრულად დააკმაყოფილეს გაზრდილი მოხმარება 2016 წელს. ადგილობრივი სადგურების გენერაცია 6.8%-ით გაიზარდა და სრულად მიწოდებული ელექტროენერგიის 96.0% შეადგინა. ჰიდროსადგურების გენერაცია გაიზარდა 10.4%-ით, ხოლო თბოსადგურების გენერაცია შემცირდა 6.0%-ით. ჰესების გენერაციის ზრდა ძირითადად ენგურ-ვარდნილის (+7.8% წ/წ) და სხვა მარეგულირებელი სადგურების (+11.9% წ/წ) გენერაციის ზრდამ გამოიწვია, ხოლო დერეგულირებული სადგურების გენერაცია გაიზარდა 16.6%-ით წ/წ. ჯამურად გამომუშავებული და იმპორტირებული ელექტროენერგიის 91.3% მოხმარებულ იქნა ქვეყნის შიგნით, 4.6% გავიდა ექსპორტზე, 4.1% კი ელექტროსადგურების საკუთარ მოხმარებაზე და ქსელის დანაკარგებზე წავიდა. საქართველო 2016 წელს ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდა (80.1 მლნ. კვტ.სთ. წმინდა ექსპორტი). 2016 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 31.5%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და ჯამურად მიწოდებული ელექტროენერგიის მხოლოდ 4.0% შეადგინა (478.9 მლნ. კვტ.სთ.). იმპორტის 77.1% აზერბაიჯანიდან განხორციელდა, ხოლო დანარჩენი - რუსეთიდან.
ელექტროენერგიის ექსპორტი 2015 წელთან შედარებით 15.3%-ით შემცირდა და 559.0 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა. ექსპორტი თურქეთში, ძირითად საექსპორტო ბაზარზე (წლიური ექსპორტის 52.7%), შემცირდა 29.8%-ით, რაც ძირითადად გამოწვეულია ფარავანი ჰესის მიერ ექსპორტის განხორციელების თვეების რაოდენობის შემცირებით, „საქართველო-ურბან ენერჯი“-სთან შეცვლილი მემორანდუმის თანახმად. მნიშვნელოვნად გაიზარდა სომხეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ექსპორტი (+57.4% წ/წ). ექსპორტის 26.4% განხორციელდა რუსეთის მიმართულებით (-13.0% წ/წ). აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ელექტროენერგიის ტრანზიტმა 2016 წელს 849.6 მლნ. კვტ.სთ. შეადგინა.