2016 წლის გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით, 118 ქვეყნიდან საქართველოს მე-16 ადგილი ერგო.
OXFAM Georgia-ს კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მაჩვენებლები არ გაუმჯობესებულა 2008 წლის შემდეგ, შიმშილის საერთო ქულა საქართველოში 8.2-ია, რაც საკმაოდ დაბალია იმ ფონზე, როდესაც სხვა შვიდი ქვეყნის მდგომარეობა შეფასდა, როგორც „საგანგაშო“, 35.0-46.1 ქულების ფარგლებში.
ინდექსის ოთხი კომპონენტიდან ქვეყანას ყველაზე ცუდი ქულა (10.9 - „ზომიერად“) მიენიჭა 5 წლამდე ბავშვებში “სიმაღლეში ჩამორჩენის“ გამო, რაც არასრულფასოვან კვებასთან პირდაპირ კავშირშია. მეორე მხრივ, ინდექსის თანახმად, 5 წლამდე ბავშვებში სიმაღლესთან შედარებით დაბალ წონას (რომელიც არასრულფასოვანი კვების შედეგია) და სიკვდილიანობას ძალიან დაბალი ქულები - 2.4 და 1.2. აქვს.
„საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობა კვლავ მწვავე დეფიციტს განიცდის სასოფლო-სამეურნეო, სურსათისა და სასმელების სფეროში, მაგრამ ბოლო პერიოდში შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენციებიც. მიუხედავად ამისა, იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 2012 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიხედვით, იმპორტირებულმა სურსათმა მოთხოვნის 80% შეადგინა, ხოლო 2014 წელს - 66%, რაც ასევე უჩვეულოდ მაღალი პროცენტია.
ზუსტი სტატისტიკის ნაკლებობა განაპირობებს იმას, რომ სასოფლო სამეურნეო წარმოება და სურსათით არაფორმალური ვაჭრობა რჩება ხელისუფლების და მათ შორის სტატისტიკოსების ყურადღების მიღმა. ეს კი განსაკუთრებით მწვავედ ეხება მაღალმთიან რეგიონებს“, - ვკითხულობთ კვლევაში.