ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი საქართველოში სამწუხაროდ, ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2016 წლის პირველ სამ თვეში ავტო-საგზაო შემთხვევების რაოდენობა თითქმის 8 პროცენტით გაიზარდა. მხოლოდ თბილისში მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 44 პროცენტით გაიზარდა, - თემაზე "საქმიან დილასთან" "საქართველო ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი საუბრობს.
- საიდან უნდა დაიწყოს ამ საკითხის მოგვარება და პრობლემასთან ბრძოლა როგორ უნდა დავიწყოთ?
- ბოლო დროს ამ საკითხზე ხშირად ვსაუბრობთ, თუმცა როგორც ვხედავთ, საკმარისი არ არის საუბარი. ხელისუფლების მხრიდან მეტ მოქმედებას ველოდებით. აუცილებლად ვისაუბრებთ ზოგად პრობლემებსა და მიდგომის გზებზე. უპირველესად პარლამენტით მინდა დავიწყოთ, სადაც საგზაო მოძრაობის შესახებ კანონმდებლობა დღის წესრიგში დგას, რომლის ინიცირება ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სავარაუდო მიღების თარიღი 1 მარტი უნდა ყოფილიყო. კანონში უმნიშვნელოვანესი მუხლებია, საუბარია სხვადასხვა დარღვევებზე სანქციების გამკაცრებაზე. ეს პროცესი იწელება და ჩვენ ისეთი განცდა გვაქვს, რომ პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზეც არ აპირებს მის განხილვას.
- როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგადად შეიძლება არჩევნებამდე “არაპოპულარული“ იყოს. თითოეულ დეპუტატს უნდა შევახსენო თავისი პასუხისმგებლობა, რომ თუ 600-ზე მეტი ადამიანი გვეღუპება გზებზე და 9 000-ზე მეტი ტრავმას იღებს, ნუთუ ამაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები გვაქვს ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ ეს კანონი 100 პროცენტით მოგვიგვარებს პრობლემას, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც პრევენციას მოახდენს და ჩვენს მძღოლებს პრაქტიკულად ქცევას შეუცვლის.
- ჩვენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა გვაქვს, რომელიც გვიჩვენებს, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაც მზარდია. ამ პრობლემის მოგვარება ამ კანონპროექტით უნდა დაიწყოს, თუმცა სხვა ღონისძიებებიც არის გასატარებელი და პრობლემის აღმოსაფხვრელად სახელმწიფომ კიდევ რა უნდა გააკეთოს?
- უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიაა საჭირო, რომელიც ხელისუფლებამ უნდა მიიღოს. ჩვენ იგი გვაქვს, მაგრამ ოფიციალური დოკუმენტი უნდა გახდეს. ეს უკვე ხელისუფლების ამ წარმომადგენლის მხრიდან კარგი ნაბიჯია. ეს მარტო პოლიციის გასაკეთებელი არ არის, თუმცა მას ამ საკითხის მოგვარებაში დიდი როლი მიუძღვის, მაგრამ საქმე სხვადასხვა სამინისტროებმა უნდა გადაინაწილონ. ეს უკვე კარგია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას ამბობს. კანონს დავუბრუნდები, რაც მნიშვნელოვანი და ცხელი თემაა და ჩვენ სამოქალაქო სექტორი შევიკრიბეთ. საკითხის განხილვების პროცესში კონკრეტულ მუხლებზე სხვადასხვა ორგანიზაციებს განსხვავებული აზრი გვქონდა. მაგალითად, მარჯვენასაჭიანმა ავტომობილებმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, საზოგადოებაში მღელვარება იყო. რადგან ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა და საზოგადოებაზე ზრუნვა გვინდა ვთქვით და შევთანხმდით, რომ ოპტიმიზაცია მოვახდინოთ ამ კანონის იმ მუხლებზე, რომლებზეც რამდენიმე ორგანიზაცია ვთანხმდებით. პარლამენტს შევთავაზოთ და ამ დღეებში წერილით მიმართვას ვაპირებთ, ასევე ქუჩის აქციის გაკეთებას ვგეგმავთ, რომ პროცესი დავაჩქაროთ და გვინდა პარლამენტს ვუთხრათ, რომ ჩვენ სამოქალაქო სექტორი, ვისაც ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით მეტნაკლებად პრეტენზიები გვქონდა, ვთანხმდებით იმაზე, რომ რამდენიმე პუნქტი, რომლებიც უპირობოთ მისაღებია სასწრაფო წესით მოხდეს მისი განხილვა და მიღება.
- კონკრეტულად ყველაზე მნიშვნელოვანს რას გამოყოფდით?
- ძირეული ქულების სისტემაა, უკონტაქტო პატრულირება და სხვა ბევრი. განსაკუთრებით აღსანიშნავი ქულების სისტემაა, რადგან ბევრი დამრღვევი მძღოლი ძალიან ბევრჯერ უხეშად არღვევს, გადასახადს იხდის და მაინც უფლებამოსილი მძღოლია და პრაქტიკულად ეს შეზღუდვა ექნება და აგრესიულ მძღოლებს ჩვენ თავიდან ავირიდებთ.
- დღეს ინფრასტრუქტურა თუ არის პრობლემა, მაგალითად საგზაო ნაწილების არასწორად მოწყობა?
- ყველამ კარგად იცის, რომ ეს დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ქვეითებისთვის. ამ მხრივ არა უსაფრთხო გარემოა ჩვენს ქალაქებში და თბილისის სტატისტიკა გვაჩვენებს უკვე ამას, რომ ამ მიმართულებით პრობლემა გვაქვს.
ჩვენ საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ გარდა იმისა, რომ პარლამენტთან ოფიციალურად ვაპირებთ კორესპონდენციის დაწყებას, ასევე 29 მაისს, კვირას 12 საათზე თბილისში პარლამენტის წინ ამ კანონის მიღებით დაინტერესებული ადამიანები ვიკრიბებით და პარლამენტს მოვუწოდებთ, რომ მათი სიჩუმე და დუმილი თითოეული მოქალაქის წინაშე დანაშაულია. პარლამენტს გარკვეული წილი აქვს, მაგრამ ამ მომენტში მათ სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. სამწუხაროა, რომ ამას ბევრი მტკიცება და ახსნა ჭირდება. ჩვენ ისეთი პარლამენტი უნდა გვყავდეს, რომელიც მზად იქნება და ეცოდინება თუ რა არის საზოგადოებისათვის პოპულარული და სასარგებლო ნაბიჯები. თავად პარლამენტმა და ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს საზოგადოებას, რომ ეს მათთვის სარგებლობის მომტანია.