Home
Category
TV Live Menu

2017 წელი უძრავი ქონების ბაზარზე და მომავალი წლის პროგნოზები

5a43814c2b36c
სალომე მეცხვარიშვილი
29.12.17 10:00
1061
უძრავი ქონების სააგენტოები 2017 წელს აჯამებენ. კომპანიების ერთი ნაწილი მიმდინარე წელს აქტიურად აფასებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ლარის მერყეობის გამო მომხმარებელი ბინის შესყიდვის გადაწყვეტილებას რთულად იღებს. თუმცა, სექტორი თანხმდება, რომ 2018 წელს უძრავი ქონების გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

Remax Georgia-ს ხელმძღვანელი მარიამ ასათიანი Bm.ge-სთან ამბობს, რომ 2017 წელი უძრავი ქონების მიმართულებით საკმაოდ დატვირთული იყო, ბაზარზე გამოჩნდა უფრო დივერსიფიცირებული შეთავაზებები - მომხმარებელს სთავაზობდნენ როგორც პრემიალურ, ისე საშუალო და დაბალფასიან უძრავ ქონებას.

Remax Georgia-ს ხელმძღვანელი კიდევ ერთ ტენდენციაზე მიუთითებს. მისი თქმით, ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნა ფიქსირდება ე.წ. პირველად, ანუ ახალაშენებულ ბინებზე, რადგანაც სამშენებლო კომპანიები საკმაოდ მიმზიდველ პირობებს სთავაზობენ. მარიამ ასათიანის თქმით, სწორედ ამის გამო ხშირია მიმართვიანობა მეორადი ბინების გაყიდვასა და ახალი ბინების ყიდვასთან დაკავშირებით.

2017 წელს ბაზარზე გააქტიურდა კომერციული ფართების სეგმენტიც და ამ მიმართულებით განსაკუთრებული ინტერესია უცხოელების მხრიდან. მარიამ ასათიანის თქმით, ყველაზე ხშირად არაბული ქვეყნებიდან მიმართვიანობა ფიქსირდება, თუმცა, დაინტერესებაა ევროპული ქვეყნებიდანაც.

რაც შეეხება 2018 წლის მოლოდინებს, უძრავი ქონების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფასები დიდად არ შეიცვლება, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარზე გააქტიურდება ისეთი დეველოპერული პროექტები, რომლებიც მიკროუბნების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს საცხოვრებელ სახლებთან ერთად სკოლების, სპორტული მოედნების მშენებლობას და ა.შ.

უძრავი ქონების კომპანია Makler.ge-ს მენეჯერი ხათუნა შურღაია კი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია ვალუტის რყევასთან ერთად, მომხმარებელი ფიქრობს, იყიდოს თუ არა ბინა.

მისი განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა ბინას იპოთეკური სესხით ყიდულობს, რასაც დოლარში იღებს, ხოლო შემოსავალი ლარში აქვს, ამიტომ ძალიან უჭირს სესხის გადახდა.

"ეს ფაქტი მოქმედებს უძრავი ქონების ბაზრის ფასებზე. მეპატრონეები ვერ აუდიან იპოთეკური სესხის გადახდას, აქედან გამომდინარე იძულებული არიან, გაყიდონ უძრავი ქონება. ამან გამოიწვია ფასების კლება. ბოლო 2 წელია ფასებმა 15%-იდან 30%-მდე დაიკლო. ამას მეორე მხარეც აქვს, მათთვის, ვისაც თანხა აქვს მობილიზებული და შეუძლია გაწვდეს სესხის გადახდას, კარგი დროა შენაძენის გაკეთებისთვის",- აცხადებს ხათუნა შურღაია.

მენეჯერი განმარტავს, რომ მართალია 100 ათას ლარამდე სესხების გაცემა დოლარში ფიზიკურ პირებზე არ ხდება, მაგრამ მათი მომხმარებელი ძირითადად მაღალფასიან უძრავ ქონებაზეა ორიენტირებული და სესხის ზედა ზღვარს მუდმივად სცდება, ამიტომ იპოთეკურ სესხსაც დოლარში იღებს, რისი გადახდაც შემდეგ უჭირს.

Subscribe to our news

Get the main news of the day