Home
Category
TV Live Menu

"2017 წლიდან, მოსამართლეთა სპეციალიზებული შემადგენლობა, მხოლოდ ბიზნეს დავების გადაწყვეტით იქნება დაკავებული"

579b72334c63a
BM.GE
29.07.16 19:06
1176
სასამართლო ხელისუფლებას ბიზნეს დავების გადაჭრის საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯები აქვს დაგეგმილი. როგორ აპირებს სასამართლო აღნიშნული საკითხის მოგვარებას და შეიქმნება თუ არა სპეციალურად ამ სახის დავებისთვის მოსამართლეთა ცალკე სტრუქტურა - თემაზე „ბიზნესკონტრაქტი“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს ესაუბრა.
 
- სასამართლოში ბიზნეს დავების გაჭიანურების პრობლემას თავად სასამართლო ხელისუფლებაც აღიარებს. კონკრეტული გეგმა თუ გაქვთ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. სასამართლოში ყველა მხარეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება და დავის სამართლიანად გადაწყვეტა აინტერესებს რაც შეიძლება მოკლე ვადებში. ბოლო პერიოდში, გაორმაგებულია საქმეთა ნაკადი განსაკუთრებით ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საქმის წარმოებაზე, სადაც ბიზნეს დავების რიცხვიც საკმაოდ მაღალია და რეალურ შესაძლებლობას არ იძლევა, განსაკუთრებით თბილისის მასშტაბით, რომ ეს დავები მოკლე დროში იქნეს განხილული და გადაწყვეტილი.

-ტექნიკურ-ადამიანური რესურსის სიმცირის პრობლემა სასამართლოში დიდი ხანია დგას. ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული გეგმა თუ აქვს შემუშავებული, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას?

- გარკვეული მოდელის შემოთავაზებას ვგეგმავთ, რომელიც სასამართლოში სპეციალიზაციას უკავშირდება. ეს არ არის შორეული მომავალი, წლის ბოლოდან, განსაკუთრებით კი 2017 წლიდან კოლეგიაში სპეციალიზებულ შემადგენლობას ვგეგმავთ, დაახლოებით 5-დან 10 მოსამართლემდეა საუბარი, რომლებიც დაკავებული იქნებიან მხოლოდ ბიზნეს დავების გადაწყვეტით. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე პირველი ინსტანციის წესით დავების გადაწყვეტაში სპეციალიზებული მოსამართლეები კოლეგიის სახით გარანტი იქნება იმისა, რომ სამართალწარმოების საწყის ეტაპზევე ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული დროსთან დაკავშირებით და ეს ძალიან შეუწყობს ხელს, რომ ის ბიზნეს დავები, რომელთა ინტერესიც საქართველოში ძალიან მაღალია მოკლე დროში და ეფექტურად იქნეს განხილული.

2017 წლის ბიუჯეტში უკვე არის მონახაზი მთავარია მთავრობის მზაობა და შემდეგ პარლამენტის მხარდაჭერა ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე. გარდა ამისა, ჩვენ მრავალგზის მივუთითეთ შენობის პრობლემები, სასამართლოს სხდომის დარბაზების ფართის პრობლემები, განსაკუთრებით საქალაქო სასამართლოში. ამაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა გვქონდა და ახლა კიდევ გვექნება შეხვედრები მთავრობასთან, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არსებული შენობა წინა ტერიტორიაზე იტევს დამატებითი მცირე ნაგებობების მშენებლობას, სადაც დაახლოებით 23 სასამართლო სხდომის დარბაზი, მოსამართლეთა სამუშაო კაბინეტები, თანაშემწისა და სასამართლო აპარატის სამუშაო ოთახები განთავსდება.

- რამდენიმე ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ დავების ეფექტურად და სწრაფად გადასაწყვეტად, გარკვეული გეგმა ქონდათ შემუშავებული. რას გულისხმობს კონკრეტულად ეს საკანონმდებლო ცვლილებები?

-ტექნიკურად ეს საკანონმდებლო ცვლილებები მრავალმხრივია. ის უკავშირდება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელ რიგ ნორმებს დავების გადაწყვეტასთან დაკავშირებით, აქ ძირითადად შემოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განსჯადობის წესები. ერთ-ერთი მარტივი მაგალითი და არა მხოლოდ ეს, მცირე ბიზნესის პრობლემებს უკავშირდებოდა საბანკო სესხებთან დაკავშირებით, ეს ონლაინ სესხების თემაა, რომელიც მასიური და პრობლემური თემაა სასამართლოში და სათაო ბანკებთან მიმართებაში, რადგან ისინი ყველა ძირითადად თბილისშია განთავსებული, ყველა დავა თბილისის საქალაქო სასამართლოშია წარმართული. ამ ცვლილებებს დისკუსია და ფართო საზოგადოებისათვის წარდგენა სჭირდება. ასევე ბიზნეს წრეებისათვის გაცნობა და ჩვენ უკვე სექტემბერში ბიზნეს წრეებთან შეთანხმება გვაქვს, რომ უზენაეს სასამართლოში დამკვიდრებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში შეხვედრები გავმართოთ. ყველა იმ პრობლემაზე ვისაუბრებთ, რომელიც ბიზნეს სასამართლოში აქვს და ამასთან დაკავშირებით, მათ პოზიციებს მოვისმენთ.

Subscribe to our news

Get the main news of the day