საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა “ბიზნესკონტრაქტთან” 2016 წელს აჯამებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
-ქალბატონო ირინა, რუსთავში წყლის კომერციული ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც ელექტროენერგიის გადასახადზე იყო მიბმული, განმარტებები გაკეთდა, კომპანიებმა განაცხადეს, რომ ინვესტიციები, რაც დაგეგმილი ჰქონდათ განახორციელებენ, თქვენი აზრი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა...
-სასმელი წყლის ტარიფებთან დაკავშირებით ასეთი სიტუაცია გვქონდა: Georgian Water and Power-მა კომისიაში საკმაოდ ამბიციური საინვესტიციო პროგრამა წარმოადგინა. უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, რაც ამ კომპანიის ტარიფებს ვუყურებთ, ასეთი საინვესტიციო პროგრამა კომპანიას არ მოუტანია, მაგრამ საინვესტიციო პროგრამის შეთანხმება კომისიის მიერ როგორც წესი, ტარიფის ზრდას ითვალისწინებს, რადგან კაპიტალური დანახარჯები იზრდება. ამის პარალელურად კომპანიამ ასევე საოპერაციო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგინა და შესაბამისად, ამ ორმა თემამ ერთმანეთი დააბალანსა. GWP-ის არეალში ჩვენ ტარიფების არეალში ზრდა არ მიგვიღია. ტარიფების ზრდა რუსთავის წყალში განხორციელდა, მაგრამ ეს არ მომხდარა იმიტომ, რომ ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა იმ მოვლენების გამო, რაზეც ბოლო პერიოდში აქცენტები იყო. როდესაც ჩვენ წინა ტარიფი დავთვალეთ, რუსთავის წყალი ბაზარზე პირდაპირი მომხმარებელი იყო. ეს აბსოლუტურად განსხვავებული სტატუსია, ვიდრე - საცალო მომხმარებლობა. ის ბაზარზე იაფიან ენერგიას ყიდულობდა Georgian Water and Power-ის ჯგუფში შემავალი ჟინვალჰესიდან, თუმცა, კომპანიამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სტატუსი შეიცვალა და ’’ენერგო-პრო ჯორჯია’’-ს მომხმარებელი გახდა და შესაბამისად, ეს მხოლოდ სტატუსის ცვლამ განაპირობა და არა იმან, რაც ბოლო პერიოდში კომისიის სხდომებზე ხდებოდა. ეს სამომხმარებლო ტარიფების გადახედვა იყო, რომლის შედეგადაც შედეგი ასეთია, რომ მოსახლეობისთვის ტარიფი უცვლელი დარჩა, თუმცა, კომერციულ სექტორში ზრდა გვაქვს თელასის არეალში.
-მოლოდინი სხვა იყო, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფი მოიმატებდა და რატომ გაჩნდა ეს მოლოდინები წინასწარ?
-ეს მოლოდინები ცალსახად კურსმა გააჩინა და ალბათ იმ ერთგვარად ცოტა დაძაბულმა ფონმა, რაც კომისიის სხდომების პარალელურად ხდებოდა ეროვნული ვალუტის კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ტარიფი დავთვალეთ კურსით 2.5. ზუსტად ეს კურსია ბიუჯეტის შესახებ კანონში გათვალისწინებული და ბოლო ტენდენციაც აჩვენებს, რომ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რაც შეეხება თბოელექტროსადგურების ტარიფებს, აქ განსხვავებული მიდგომა გამოვიყენეთ, ამ შემთხვევაში ტარიფები კურსით 2.78 დავითვალეთ. კომისია ასე იმიტომ მოიქცა, რომ განსხვავებით საბალანსო ელექტროენერგიისგან, სადაც კურსი ასევე მონაწილეობს, თბოელექტროსადგურები იანვარში ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებენ, რაზეც ახლაც მუშაობენ და ჩვენ უბრალოდ არ გვინდოდა, რომ ამ კომპანიების საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა და ფინანსურ ზარალზე გაგვეყვანა, იმიტომ რომ იანვრის ბოლოს მათ შესყიდულ ბუნებრივ აირზე საფასურის გადახდა უკვე უწევთ. შესაბამისად, მათ ჯანმრთელი ტარიფი აქვთ ისეთი, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებს არც მათ საქმიანობას არც ჯაჭვური პრინციპით ბუნებრივი აირის სექტორს.
-2016 წელს რით გამოარჩევდით, რა სიახლეები დანერგა სემეკმა და მთავარი გამოწვევა რა იყო?
-ტარიფები უკვე სიახლედ აღარ ითვლება, ეს უკვე გეგმიური თემაა კომისიის საქმიანობაში, ამიტომ რასაც გამოვარჩევდით ეს დღევანდელ ანგარიშშიც არის და აღვნიშნეთ ნეტო აღრიცხვა, რომელიც მომხმარებლისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა პასიური მოხმარებიდან აქტიური მომხმარებელი გახდეს, ანუ მოხმარებასთან ერთად ელექტროენერგიის გამომუშავება და ქსელში მიწოდება დაიწყოს. ასევე ძალიან სერიოზული სიახლეები გვაქვს მომსახურების ხარისხის მონიტორინგის თვალსაზრისით. ჩვენ აქამდე ამის პრეზენტაცია არ გაგვიკეთებია და ამის პრეზენტაცია სწორედ დღეს გავაკეთეთ, რამაც მედიაში ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. ეს არის მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის ელექტრონული პროგრამა. ეს ძალიან საინტერესო პროდუქტია. ჩავთვალოთ, რომ ექსკლუზიურად ჩვენი მარეგულირებლის პროდუქტია, რომელსაც მომავალში საექსპორტო პროდუქტადაც განვიხილავთ. ერთი მხრივ, სტანდარტები გვაქვს დაწესებული, რომელსაც კომუნალური საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებელთან ურთიერთობაში. ეს არის ფურცელზე დატანილი რეგულაცია და დოკუმენტი, რომელსაც ეფექტური მონიტორინგის მექანიზმი სჭირდება. ჩვენ შიგნით კომისიაში ელექტრონული პროგრამა შევქმენით, სადაც ყოველი კომპანია მომხმარებელთან თავის კომუნიკაციას წერილობითი ფორმით პროგრამაში ტვირთავს და ჩვენ დროის რეალურ რეჟიმში ნებისმიერ მიმართვაზე რაც ხდება ვაკვირდებით. როგორც განცხადებას, ასევე კომპანიის პასუხს. ეს ყველაფერი ერთიან ელექტრონულ პროგრამაშია თავმოყრილი და ეს ჩვენი მხრიდან მონიტორინგის მექანიზმი იქნება, რომ ის სტანდარტები, რასაც ჩვენ ვუწესებთ კომპანიებს, შესრულებული იქნეს.
ეს ხდება აბსოლუტურად ონლაინ რეჟიმში და ყველა ინფორმაცია, რაც ჩვენი მიწოდება-მოხმარების წესებით არის გათვალისწინებული აღნიშნულ ელექტრონულ პროგრამაში დოკუმენტურად უნდა აისახოს. ელექტრონული პროგრამა უკვე შექმნილია და სატესტო რეჟიმში ვმუშაობთ. ახალი წლიდან უფრო ფართო პრეზენტაციას ვგეგმავთ და შესაძლოა გარკვეული ფუნქციები კიდევ დავუმატოთ, როგორიცაა მაგალითად, ჩართულობა მომხმარებლის მხრიდან და კარგ პროგრამას მივიღებთ. ამჟამად პროგრამაში სამივე სექტორის გამანაწილებელი კომპანიაა ჩართული. ჩვენ მომსახურების ხარისხის წესები მხოლოდ ელექტროენერგეტიკულ სექტორში გვქონდა შემუშავებული. ის გამოცდილება, რაც ელექტროენერგეტიკულ სექტორს გვქონდა, ბუნებრივ აირსა და წყალმომარაგებაში გადმოვიტანეთ, ერთიანი წესი შევიმუშავეთ და აღნიშნული ერთიანი ელექტრონული პროგრამა მივაყოლეთ.
-როგორც ვიცით, „მისტიური მომხმარებლის“ პროგრამა უნდა ამოქმედდეს და როგორი იქნება იგი?
-ჩვენ ზოგადად 2017 წელი მომხმარებლის უფლებების დაცვის წლად გამოვაცხადეთ. ამიტომ ეს ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი პროექტი იქნება. ამასთან ერთად პარალელურ რეჟიმში ’’მისტიური მომხმარებლის“ პროექტი მიმდინარეობს. პრაქტიკულად წინა მოსამზადებული სამუშაოები დასრულებულია. ჩვენ კომპანიას დავიქირავებთ, რომელიც კომპანიის მომხმარებელთან ურთიერთობას ადგილზე შეამოწმებს. ბუნებრივია, ეს ჩვენ კიდევ უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგვცემს, თუ რა პრობლემები გვაქვს ადგილზე, სადაც ჩვენ ფიზიკურად არ ვართ, რომ ვიცოდეთ, როგორია კომუნიკაცია მომხმარებელსა და აბონენტს შორის. აღნიშნული ორივე პროგრამა 2017 წლის განმავლობაში გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის ასევე მომხმარებლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ ერთ საინტერესო პროგრამას ვგეგმავთ, რომელიც ამჟამად პროექტის დონეზეა მომზადებული. ეს არის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის მაჩვენებლების მონიტორინგი. მაგალითად რამდენჯერ უწყდება ელექტროენერგია მომხმარებელს, რა არის სიხშირის ინდექსი და ა.შ. და ეს შედეგები შემდეგ აუცილებლად ტარიფში უნდა აისახოს. მოტივირების მექანიზმებიც და დასჯის, ე.წ. სანქცირების მექანიზმების იქნება.