2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები ცნობილია. მთავრობამ ბიუჯეტის კანონ-პროექტის პირველი ვარიანტი პარლამენტში უკვე წარადგინა. დოკუმენტის განხილვას კანონმდებლები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუდგებიან.
პროექტის მიხედვით, მთავრობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას კვლავ ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება წარმოადგენს. ათნახევარ მილიარდიან ბიუჯეტის პროექტში 3 მლრდ 300 ათასი ლარია გათვალისწინებული ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ შორის დაახლოებით, 100 მლნ ლარით ზრდიან თანხების მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფისთვის. 1 მლრ 86 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება. კერძოდ, იზრდება თანხები საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, მათ შორის გზების და ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე და ა.შ. კიდევ ერთი უწყება, რომლის დაფინანსება იზრდება და მილიარდს აღემატება განათლების სამინისტროა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2017 წლის აპრილიდან მასწავლებელთა საბაზო ხელფასი 355 ლარიდან 405 ლარამდე გაიზრდება.
კიდევ სამი უწყება, რომლის დაფინანსება იზრდება თავდაცვის, სპორტის და ეკონომიკის სამინისტროებია, როგორც ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტში გათვალისწინებულია 19.7 მლნ ლარი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამისთვის. უცვლელი რჩება დევნილთა, შერიგების, ევროინტეგრაციის და დისპორის სამინისტროების ბიუჯეტები. რაც შეეხება უწყებებს, რომელთაც დაფინანსება უმცირდებათ - ამ კრიტერიუმით პირველ ადგილზეა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის დაფინანსება დაახლოებით 80 მლნ ლარით 238 მლნ ლარამდე მცირდება. ბიუჯეტის ამ პროექტის მიხედვით, მთავრობა მომავალ წელს სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების დარიგებას არ აპირებს, რაც მიმდინარე წელს 48 მლნ დაჯდა. მცირდება მელიორაციის სისტემის მოდერნიზაციისთვის საჭირო თახები. ასევე, მაგალითად, ქართული ჩაის აღორძინებისთვის 3.5 მლნ ლარის ნაცვლად მომავალ წელს მთავრობა მხოლოდ 1 მლნს დახარჯავს და ა.შ. ასევე მცირდება ენერგეტიკის, ფინანსთა, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსებაც.