Home
Category
TV Live Menu

2017 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები - მთავრობა მომავალ წელს მილიარდ 270 მილიონი ლარით მეტს დახარჯავს

584010febac60
თელარა გელანტია
01.12.16 15:58
1053
“ქართული ოცნების“ განახლებულმა მთავრობამ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტს გადაუგზავნა. მთავრობა მომავალ წელს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს. 2017 წლისთვის მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი შეადგენს 4%-ს, ნომინალური მშპ - 35 მლრდ 9 მლნ ლარს.
დოკუმენტის პირველ ვარიანტთან შედარებით პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

გადამუშავებული ვარიანტის მიხედვით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განსაზღვრულია 11 მლრდ 457 მლნ ლარით, რაც შეეხება გადასახდელებს ანუ ხარჯებს, პრემიერმა თქვა, რომ 10-10 პროცენტით შეამცირებენ სახელფასო ფონდს და ადმინისტრაციულ ხარჯებს, მაგრამ მომავალ წელს, ჯამში მთავრობა 11 მილიარდ 415 მილიონ ლარს დახარჯავს, რაც 2016 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს მილიარდ 270 მილიონი ლარით აღემატება.

მომავალ წელს მთავრობა 9 მლრდ 489 მლნ ლარის შემოსავლების მიღებას ელოდება. საიდანაც უშუალოდ საგადასახადო შემოსავლების სახით 8 მლრდ 820 მლნ-ის მობილიზებას პროგნოზირებენ. აღსანიშნავია, რომ პირველ ვარიანტთან შედარებით 650 მლნ ლარით აქვთ გაზრდილი საპროგნოზო მაჩვენებელი. ყველაზე მეტად - 500 მლნ-ზე მეტით აქვთ გაზრდილი აქციზიდან შემოსავლების პროგნოზი, რაც აქციზზე განაკვეთების ზრდით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ დღგ-დან უფრო ნაკლებ შემოსავალს ელოდებიან, ვიდრე პირველ ვარიანტში ჰქონდათ ჩაწერილი. სავარაუდოდ, მთავრობაც ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას ელის. შემცირებულია იმპორტის გადასახადიდან საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 10 მლნ-ით. მცირდება მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელიც მიმდინარე წელთან შედარებით, რაც მოგების გადასახადის რეფორმას უკავშირდება. სხვა გადასახადებიდან საპროგონზო მაჩვენებელი კი თითქმის სამჯერ აქვთ გაზრდილი პირველ ვარიანტთან შედარებით.

რაც შეეხება გრანტებს და ვალდებულებებს, ბიუჯეტის პირველ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელიც 284,5 მლნ ლარამდე, მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 130.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო გრანტები 154.5 მლნ ლარი. რაც შეეხება ახალი ვალების აღებას, 2017 წელს მთავრობა მლრდ 792 მლნ ლარის სესხებას გეგმავს. საიდანაც 922.7 მლნ გათვალისწინებულია საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. აღსანიშავია, რომ ბიუჯეტის პირველ ვარიანტში მთავრობას ნაკლები ვალის აღება ჰქონდა დაგეგმილი. ამ ვარიანტის მიხედვით კი, გეგმავენ 400 მლნ შიდა ვალის და მილიარდ 392 მლნ ლარის საგარეო ვალის აღებას.

საინტერესოა, ასევე სამინისტროების დაფინანსების საპროგნოზო მაჩვენებლებიც. პრიორეტულ მიმართულებებს წარმოადგენს ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა და განათლება და შესაბამისი უწყებების დაფინანსება 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით და ასევე პირველ ვარიანტთან შედარებით გაზრდილია.

პენსიების ზრდა ბიუჯეტში არ არის ჩადებული, რადგან მთავრობამ როგორც თქვა, მუშაობენ საპენსიო რეფორმაზე. ამასთან, ინფრასტრუქტურის მილიარდ 258 მილიონიანი ბიუჯეტიდან 849 მილიონი გათვალისწინებულია საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. მნიშვნელოვნად დაახლოებით 275 მლნ ლარით იზრდება ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, საიდან 96 მლნ გათვალისწინებულია ანაკლიის პორტისათვის მიწების გამოსასყიდად; ასევე ქუთაისის აეროპრტში ახალი ტერმინალის და ბილიკის ასაშენებლად 30 მლნ-ის დახარჯვას გეგმავს მთავრობა.

რაც შეეხება უწყებებს, რომელთა დაფინანსება მცირდება, მათ რიცხვშია სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკის, ფინანსთა და სხვა სამინისტროები.
და ბოლოს კიდევ ერთი მონაცემი, როგორც პრემიერმა თქვა, სახელფასო ფონდს ამცირებენ 10%-ით. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, შრომის ანაზღაურებისთვის მლრდ 393.5 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2016 წლის გეგმასთან შედარებით დაახლოებით, 50 მლნ-ით ნაკლებია, მაგრამ 2015 წელს თუ შევადარებთ, გაზრდილია ანუ 2017-ში თითქმის 17 მლნ ლარით მეტი დაგვიჯდება საჯარო მოხელეების შენახვა.
თელარა გელანტია

Subscribe to our news

Get the main news of the day