2016 წლის შემოდგომამდე მთავრობა პროგნოზირებდა, რომ წლიური ეკონომიკური ზრდა 3%-ი იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2,7%-მდე შემცირდა და წინასწარი მონაცემებით, შესრულდა კიდეც, თუმცა ეს განვითარებადი ქვეყნისთვის დაბალი მაჩვენებელია და ასეთი ტემპით ქვეყნის ეკონომიკა დაახლოებით 25 წელიწადში გაორმაგდება. მთავრობა კი ზრდის დაბალი მაჩვენებლის ობიექტურ მიზეზად, რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებას ასახელებდა და ასევე ზრდა შეაფერხა საქონლის ექსპოტის შემცირებამაც. რაც შეეხება ინფლაციის დონეს, იანვარ-ნოემბერში 0,2%-ს შეადგენდა, თუმცა წლის ბოლო თვეებში ფასების მატების ტემპი დაჩქარდა და დეკემბერში 1.8% შეადგინა, რაც, ძირითადად, მიმოქცევაში არსებული ლარის მასის ზრდამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია.
ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად -10.5%-ით სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. 1.55%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, რაც ძირითადად იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მატებამ და ჯანდაცვაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. 3,9%-ით გაძვირდა კავშირგაბმულობის მომსახურების ფასი. რაც შეეხება შემცირებას, 5.6%-ით შემცირდა ტანსაცმლის ფასი, 3,4%-ით საოჯახო ნივთების ღირებულება და 3,7%-ით შემცირდა ტრანსპორტის ფასიც.
უნდა აღინიშოს ისიც, რომ 2016 წელს არამარტო ეკონომიკაში, არამედ ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში, არჩევნებთან ერთად ყველაზე აქტუალური თემა ლარის გაცვლითი კურსი იყო, რაც, ძირითადად ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია და 2017 წლის მთავარ გამოწვევად ისევ ლარის კურსი სახელდება, ასევე ე.წ. ლარიზაციის გეგმა და მთავრობის მიერ პროგნოზირებული 4%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება. გარდა ამისა, უკვე მიმდინარე წელს, მთავრობა დაახლოებით 400 მილიონი ლარით მეტ ვალს აიღებს, ვიდრე 2016-ში. ეს კი ჩვენი მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის საზიანოა და თუკი ვერ მიიღწევა დაგეგმილი 4%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს გარკვეულ პრობლემებს გამოიწვევს ქვეყანაში.