2017 წლის ოთხ თვეში ელექტროენერგიის იმპორტი, სრული 2016 წლის მაჩვენებელს 47%-ით აღემატება. ენერგობალანსის მიხედვით, 2016 წელს ჯამურად საქართველოში 478.9 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი - 886.691 მლნ კვტ/სთ.
როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი "საქმის კურსთან" საუბრისას აცხადებს, იმპორტის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ენერგომოხმარების გაზრდილი მაჩვენებლებია.
რაც შეეხება წლის დანარჩენ თვეებს, ელოშვილის განმარტებით, სამინისტრო იმპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მეზობელ ქვეყნებთან უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
ელოშვილის განცხადებით, გრძელვადიან პერიოდში იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება ადგილობრივი გენერაციის ზრდის ხარჯზე უნდა მოხდეს.
"2030 წელს თუ შევძლებთ, რომ ჩვენ გვქონდეს დამატებით, დაახლოებით 3000 მეგავატამდე ჰიდრორესურსი, 500 მეგავატამდე ახალი თბოსადგურები, 300-400 მეგავატამდე ალტერნატიული ენერგია (ქარი და მზე) და ენერგოეფექტურ ღონისძიებებს გავატარებთ, ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიქნებით", - განაცხადა ელოშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ენერგობალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტიორ ქვეყნებს შორის აზერბაიჯანი ლიდერობს.