Microsoft საქართველომ ახალი სტრატეგია Clouds წარმოადგინა. Clouds-ის ტექნოლოგიამ ისეთი შესაძლებლობა გააჩინა, რომელიც შესაძლოა ნამდვილად გარდამტეხი აღმოჩნდეს ბიზნესისათვის. "ქლაუდ" მომსახურების დანერგვა მთელს მსოფლიოში წარმოუდგენლად დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. იგი თითქმის ყველა ბიზნეს ორგანიზაციაში ცვლის ადამიანების მუშაობის სტილს, ადგილს და ადამიანების მიერ ბიზნესის წარმოების წესს, - თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" "მაიკროსოფტ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე საუბრობს.
-ბატონო ნიკოლოზ, რას გვეტყვით თქვენს მიერ წარმოდგენილ ახალ სტრატეგიაზე?
-ძალიან საინტერესო ეპოქაში შევდივართ, მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია დაიწყო და მთელი სიმძლავრით შევიდა და გადამწყვეტი როლი ტექნოლოგიებს ექნება, ანუ ბიზნესები განვითარება დიდ წილად დამოკიდებული ზუსტად ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე იქნება. თვითონ ტექნოლოგია ძალიან სწრაფად იაფდება. რამდენიმე წლის წინ სმარტფონი 500 აშშ დოლარი ღირდა და დღეს იგივე მონაცემების სმარტფონი მხოლოდ და მხოლოდ 10 აშშ დოლარი ღირს. ტექნოლოგიები შემოდის და სწრაფად განვითარებას უწყობს ხელს და ამ კუთხით Microsoft-ი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. საქართველოს რაც შეეხება 2010 წლიდან ვართ ბაზარზე წარმოდგენილები, ბიზნესი დინამიურად ვითარდება და ზუსტად მიმდინარე წელს გვინდა, რომ ღრუბლოვანი ტექნოლოგიები ჩვეულებრივი გახდეს და კომპანიებმა მისი გამოყენება დაიწყონ.
-როგორ შეიძლება უფრო მარტივად აიხსნას, რომ საზოგადოებამ გაიგოს რაში ჭირდება, როგორ გამოიყენება, რამდენად მნიშვნელოვანია და ა.შ.
- "ქლაუდ" ტექნოლოგია არის, მაგალითად, ადამიანს რომ ინტერნეტ ხაზი სჭირდება, რათა ჩაერთოს და მთელი მისი რესურსები შეინახოს, ამ შემთხვევაში ის ამის გაკეთებას იმ წუთშივე შეძლებს. ფასს რაც შეეხება, ეს გაცილებით იაფი გადაწყვეტილებაა, ვიდრე დატა ცენტრის მშენებლობა. იქ მეტი ხარჯების ოპტიმიზაციაა, მეტი უსაფრთხოებაა, რადგან ეს კომპანია მხოლოდ ამისთვის წელიწადში მილიარდ აშშ დოლარს ხარჯავს და ზუსტად ამას ვაქირავებთ ჩვენ. სასიხარულოა, რომ ქართულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს გადმოსვლა და ერთი წლის განმავლობაში 80-მდე მცირე და საშუალო ქართული კომპანიაა გადმოსული. სულ ახალი შემოსული იყო Microsoft Office და ერთ-ერთი პირველი კომპანია, ვინც გადმოვიდა ’’ბორჯომი“ იყო. Microsoft Office 365-ით ჩვენ სრულ კომფორტს ვიღებთ ძალიან იაფად, მარტივად და უსაფრთხოდ. ’’ქლაუდს“ ინფორმაციის მიღების განუსაზღვრელი რესურსი აქვს. მომხმარებელი მხოლოდ იმ თანხას იხდის, რა რესურსსაც იყენებს. თუ პატარა რესურსი სჭირდება მხოლოდ ამაზე კეთდება აქცენტი.
-რამდენად მობილურია ეს ტექნოლოგია მომხმარებლის მოთხოვნის მიხედვით?
-ამის თქმა ცოტა რთულია, რადგან ჩვენ ამ საკითხს ინდივიდუალურად ვუდგებით. ჩვენი პარტნიორები შედიან, ინფრასტრუქტურას ნახულობენ და მორგება და ოპტიმიზაცია ხდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ზუსტად ის პროდუქტი და მომსახურება მიიღოს, რაც სჭირდება.
-რამდენად აქტუალურია დღეს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის თემა?
-ზუსტად დღეს სტატისტიკას გავეცანი, რომ 2020-2025 წლებისთვის სამუშაო ადგილების 50% ფაქტიურად აღარ იარსებებს, რადგან ხელოვნურ ინტელექტს ბევრი რამის კეთება და ჩანაცვლება შეუძლია, მაგალითად იგივე ჭკვიანი ავტომობილები, რომლებიც ბევრად უფრო უსაფრთხო იქნება და სამყაროს სრულიად შეცვლის. Microsoft-მა შარშან 5 - ათასკაციანი დეველოპერული გუნდი აიყვანა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს. ეს იქნება კაცობრიობის შემდეგი ეტაპი, შემდეგი ერა და კომპანია Microsoft-ი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს ამ ტექნოლოგიაზე წვდომა. ნამდვილად უსამართლობა იქნება, რომ ეს რამდენიმე ადამიანს ჰქონდეს. პარადიგმა თავიდან ბოლომდე შეცვლილია. ჩვენ ვსწავლობდით როგორი ურთიერთობა უნდა გვქონოდა კომპიუტერებთან. დღეს ვითარება შეიცვალა და ჩვენ მანქანებს ვასწავლით, კომპიუტერთან როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია და ეს ზუსტად ხელოვნური ინტელექტით ხდება. ეს ძალიან საინტერესო ერა იქნება, რომელიც სრულად შეცვლის. ძალიან რთულია განსაზღვრო რომელი სფერო რომელ სფეროზე ახდენს გავლენას. იგივე დრონები, იგივე 3D, ბიოტექნოლოგიები, ნანოტექნოლოგიები და ა.შ. ყველაფერი ერთდროულად ვითარდება. ფილმების გახსენებაც შეიძლება, მაგალითად, ’’მატრიცა“. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანქანები და ადამიანები ერთად იმუშავებენ, რომ ერთად მეტს მივაღწიოთ.
-ჩვენი სახელმწიფო რამდენად ადეკვატურია დღეს აღნიშნული გამოწვევების მიმართ?
-ჩვენ მთავრობასთან ძალიან თბილი, ინტენსიური და პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. მათ ტექნოპარკის განვითარებაში ვეხმარებით, ქოუჩინგს ვუწევთ, ასევე მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ’’ქლაუდ“ტექნოლოგიებს სტარტაპებს უფასოდ ვაძლევთ. ამ მიმართულებით მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. საუბარია იმაზეც, რომ "ქლაუდ" ტექნოლოგიების მთავრობაშიც გამოიყენონ. ბლოკჩეინის თემა ძალიან სწრაფად აიტაცეს და პირველები ვართ, ვინც საჯარო რეესტრში ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგა. Microsoft-ი ერთ-ერთი ტექნოლოგიური გიგანტია, რომელსაც საქართველოში დღეს წარმომადგენლობა აქვს.
-კერძო კორპორაციები კვლავინდებურად იყენებენ მოპარულ პროგრამულ უზრუნველყოფას და ამ მიმართულებით თუ იდგმება ქმედითი ნაბიჯები?
-დღესდღეობით საქართველოში მეკობრეობის დონე 84%-ია, თუმცა 2 წლის წინ 94% იყო და პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ეს ინტელექტუალური საკუთრებაა და ჩვენ მას ვიცავთ და ვცდილობთ, კომპანიებს ავუხსნათ, რომ მნიშვნელოვანია იგი ლიცენზირებული ჰქონდეთ და დაცულები იყვნენ რეპუტაციული რისკებისგან.