ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 24 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 42%-ით აღემატება. ღვინის ექსპორტის ტენდენციებზე “საქმიან დილასთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი საუბრობს.
- ბატონო ლევან როგორ ფიქრობთ, რა მოცულებებს მიაღწევს ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი?
- ვფიქრობთ, რომ ჩინეთი სერიოზული მიმართულებაა. აღნიშნულ თემაზე არა ერთხელ გვისაუბრია,მაგრამ დღეს უკვე დადგა ის მომენტი, რომ არ ვსაუბრობთ მხოლოდ მიზნებსა და გეგმებზე, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ, არამედ უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგებიც გვაქვს.
სახელმწიფომ და კერძო სექტორმა პრიორიტეტულ მიმართულებად რომელიმე კონკრეტული ბაზარი დასახეს, სადაც ყველა ტრადიციულ, სტანდარტულ ღონისძიებას ვახორციელებთ, რომელიც ქვეყნის პრომოციისთვის, ბრენდის შესაქმნელად და ცნობადობის ასამაღლებლად არის საჭირო.
ჩინეთის მხრიდან ინვესტიციების მნიშვნელოვან ზრდას ვხედავთ და ამის მაგალითია “ჰუალინგ ჯგუფი“, რომელსაც საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.
წლიდან წლამდე, ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, სპეციალური კურსები შევქმენით პროფესიონალებისთვის, რომ ქართული ღვინის განათლების საფუძველი ჩაგვეყარა. ჩვენ ქართული ღვინის გზამკვლევები, წიგნები გადავთარგმნეთ და თუ ჩინეთში ყველაზე გავრცელებულ საძიებო სისტემაში დღეს უკვე ასობით გვერდი იძებნება ქართულ ღვინოზე, ასევე აქტივობებია სოციალურ მედიაში და ა.შ.
- როგორ ფიქრობთ, გაუსწრებს თუ არა ჩინეთი უკრაინას საქესპორტო ბაზერებში და მოხვდება თუ არა სამეულში?
- ჩემი პროგნოზით ასე იქნება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოდან წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4 მილიონის ექსპორტი იქნება განხორციელებული. ეს ძალიან შთამბეჭდავი ციფრია. ფაქტიურად ყოველ წელს ჩვენ ჩინეთში საექსპორტო რაოდენობის გაორმაგება გვაქვს. დაახლოებით 4 წლის წინ კონკრეტული გეგმა დავსახეთ, რომ ეს ყოფილიყო ჩინეთის იმპორტის 1% 5 წლიან პერსპექტივაში, თუმცა ვხედავთ, რომ ეს გაცილებით მეტი იქნება. ჩინეთში წლის განმავლობაში 270 მილიონი ლიტრი ღვინის იმპორტი ხდება და ჩვენი ექსპორტი თუ იქნება დაახლოებით 4 მილიონი ბოთლი, რაც 3 მილიონ ლიტრზე მეტია, ეს 1%-ზე მეტია, რასაც ჩვენ 4 წლის განმავლობაში ვაღწევთ.
უკრაინის ბაზარს რაც შეეხება, იგი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანა იყო ჩვენთვის, სადაც ქართული ღვინის ცნობადობა ძალიან მაღალ დონეზეა. სამწუხაროდ პოლიტიკური ვითარების გამო იქ ეკონომიკა სახარბიელო მდგომარეობაში არაა. ეკონომიკური პრობლემები ისეთი ფუფუნების საგანზე აისახება, როგორიც ღვინოა და ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ქართული ღვინის ექსპორტზე მოქმედებს.
2020 წლისთვის ვფიქრობთ, რომ ჩინეთი ტრადიციული ბაზრების სერიოზული ალტერნატივა იქნება. ეს კი სწორედ დივერსიფიკაციას ნიშნავს და ეს სრულად მიღწევადია, რასაც ნამდვილად შეუწყობს ხელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან იმიტომ, რომ ძალიან დიდ უპირატესობას მოგვცემს სხვა იმპორტიორ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გვაქვს, ესენია: აშშ, აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, სადაც ასევე გარკვეული პროგრესი გვაქვს, თუმცა ჩინეთთან შედარების ეს ნაკლებად მზარდი ბაზრებია.