Home
Category
TV Live Menu

"2.9%-იანი ეკონომიკური ზრდა მაღალი არაა, მაგრამ რეგიონის მაჩვენებლების ფონზე საკმაოდ დამაკმაყოფილებელია"

5817634e60758
BM.GE
31.10.16 19:27
1030
საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2016 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 1,5 პროცენტი, 2016 წლის III კვარტალში - 2,2 პროცენტი, ხოლო 2016 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა. თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა საუბრობს.

- ბატონო ნიკოლოზ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, რომელიც საქსტატმა გამოაქვეყნა, უკავშირებთ თუ არა წინასაარჩევნო მოლოდინებს?

- დღეს საქსტატმა ეკონომიკის ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც კვარტალურად ზუსტდება. ყოველთვიური მონაცემები საკმაოდ მერყევია. წინა თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩვენ დაახლოებით 2.9% გვქონდა, რაც ბუნებრივია, მაღალი არაა, მაგრამ რეგიონში არსებული მაჩვენებლების ფონზე საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ძალიან რთული იქნება ერთი თვის მონაცემებით რაიმე ტენდენციების შეფასება, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ამას ვაკვირდებით. ეს სიგნალი იყო, რომ უკეთესი ანალიზი გავაკეთოთ და შევაფასოთ თუ რა ტენდენციებია ქვეყანაში. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში ერთი თვის ჩავარდნა იყოს და ის ტემპები, რომელიც დაგეგმილია ეკონომიკის ზრდის 3%-ს ვგულისხმობ, შემდეგ თვეში აღდგეს. გამორიცხული არ არის, რომ ეს 1.5%-იანი მაჩვენებელი დროებითი, ერთვთიანი მაჩვენებელი იყოს, იმიტომ რომ წინა თვეში ჩვენ 2.9%-იანი ზრდის მაჩვენებელი გვქონდა.

- ლარის კუსთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინი როგორია?

- ჩვენი შეფასებით, ლართან დაკავშირებით ფუნდამენტური ფაქტორები არ არსებობს. ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა, ძირითადად მერყეობებია და არა ფუნდამენტური ძვრები. დაახლოებით 5 პუნქტით გაუფასურდა ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარი, რასაც ფუნდამენტურ ფაქტორებს ვერ დავარქმევდი, თან იქიდან გამომდინარეც, რომ ყველა საგარეო ფაქტორის პოზიციურ დინამიკას ვხედავთ. ექსპორტი პირველი 9 თვის განმავლობაში დაახლოებით 8 %-ით შემცირდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო თვე სწორედ ზრდის დინამიკაა. პირველად, ბოლო 24 თვის განმავლობაში, ექსპორტში ზრდა გვაქვს. აგვისტოში პრაქტიკულად ნულოვანი ზრდა იყო, სექტემბერში რამდენადაც ვიცი 9%-იანი ზრდა გვაქვს და ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ფულადი გზავნილების დინამიკას რომ შევხედოთ, პოზიტიური დინამიკა გვაქვს.

- ფისკალური მაკროეკონომიკური რისკების ანალიზის დოკუმენტზეც გკითხავთ, სადაც სამი სცენარია: საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური. ოპტიმისტურის მიმართულებით, რა პოზიტიურ ფაქტორებს ეყრდნობა და გამოყოფს სცენარი?

- რამდენიმე პოზიტიურტ რისკფაქტორს ვხედავთ, ძირითადად ჩვენი მოლოდინები მომავალ წელზეა გათვლილი და ბიზნესის ნდობის ფაქტორების ზრდას, დოლარიზაციის შემცირებასა და საინვესტიციო პროექტების დაჩქარებას ველოდებით. ამ ყველაფერმა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შეიტანოს სხვადასხვა სტრუქტურული რეფორმების შედეგად, რომლებიც შემდგომი წლების განმავლობაში უნდა გატარდეს . ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქვეყანაში დანაზოგების მნიშვნელოვანი ზრდა იქნება, ეს დანაზოგები კი შესაბამისად ინვესტიციებში უნდა გადაიზარდოს, რაც ეკონომიკური ზრდისთვის ძალა იქნება.

- საიდან ელოდებით, რომ ბიზნესის ნდობის ფაქტორი გაიზრდება?

- მერყეობები, რომელიც ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წლის განმავალობაში განვითარდა სტაბილიზაციისკენ მიდის. ვახსენეთ ფულადი გზავნილების პოზიტიური დინამიკა, ესპორტის ზრდა, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოზიტიური დინამიკა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დოლარიზაციის ტემპი შემცირდეს, ამაში ლარის სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგულისხმობ და ეს ტენდენცია ბუნებრივია, შეიმჩნევა. ეკონომიკა ნაკლებად დამოკიდებული იქნება საგარეო რყევებზე. რყევების შემცირება კი ის გარემოებაა, რამაც შესაძლებელია ბიზნესის ნდობის გარემო გააუმჯობესოს ქვეყანაში.

- დოკუმენტში ერთ-ერთ ნეგატიურ ფაქტორად განხილულია განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციებისადმი მიდრეკილების ნდობის შემცირება. არის თუ არა რისკი, რომ ჩვენ ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მივიღოთ და ამ შემთხვევაში მთავრობის პოლიტიკა როგორია?

- ზოგადად განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების შემცირების რისკფაქტორი გლობალურად არსებობს. ამასთან დაკავშირებით ბევრი ანალიზი არსებობს და მე ვემხრობი იმ მოსაზრებებს, რომ ეს არ იქნება განვითარებული ქვეყნების გასვლა განვითარებადი ქვეყნებიდან, თუმცა მოხდება გარკვეული სახის განვითარებადი ქვეყნებიდან გასვლა სელექტიურად. სელექტიურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და გარემოება იქნება ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგრადობა და სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა. ეკონომისტები ხაზს უსვამენ, რომ განვითარებული ქვეყნების გასვლა სხვა ეკონომიკებიდან ძირითადად ისეთი ქვეყნებიდან იქნება, რომლებსაც სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა არ აქვთ. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, რომელიც რეალურად ჩვენ გვაქვს იმის გარანტიაა, რომ ეს ჩვენ ნაკლებად შეგვეხოს. დაახლოებით ათი დღის წინ ჩვენ საკრედიტო რეიტინგების ერთ-ერთმა კომპოანიამ Fitch შეგვაფასა, რაც რეგიონში აბსოლუტურად უპრეცენდენტოა, ჩვენ გაუარესება არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ყველას გაუსრესება ქონდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day