„თავისუფალი დემოკრატების“ ეკონომიკურ პროგრამასა და არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე “ბიზნესკონტრაქტთან“ პარტიის წევრი ნათია კუტივაძე საუბრობს.
- ქალბატონო ნათია, 3%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოსთვის როგორ შედეგს მოიტანს?
- არსებული, ეკონომიკური ზრდის განაკვეთი 3%-ს ფარგლებში, “თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით, საკმარისი არაა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონის ზრდას ვერ უზრუნველყოფს.
ეს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის დონეზე ასახვას ვერ უზრუნველყოფს და სიღარიბის ზრდის მიმართებით ქმედითი ინსტრუმენტის შესრულების შესაძლებლობას ვერ წარმოადგენს. ჩვენი ეკონომიკური პროგრამით გათვალისწინებულია ქმედითი ღონისძიებები, რომელიც პირველ რიგში, არსებული ეკონომიკური რეალობის შეფასებას ეფუძნება. 3%-ანი ეკონომიკური ზრდა ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების არსებული დონის პირობებში შესაძლოა, როგორც სტაგნაციის დონის შესაბამისი ისე განვიხილოთ. ჩვენი მიზანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ზრდის პერსპექტივის გაჩენა ეკონომიკაში. იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაჩნდეს, აუცილებელია ეკონომიკური ინსტიტუტების ეფექტური ფუნქციონირება.
- რომელი ინსტიტუტების მუშაობით ხართ ამ შემთხვევაში უკმაყოფილო და რომელი ინსტიტუტების გამართვას აპირებთ?
- "თავისუფალი დემოკრატების“ შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუტები, როგორც ეკონომიკის, ისე ფინანსთა სამინისტროს თანმიმდევრული და კვალიფიციური გადაწყვეტილებები, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სასურველი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფდა. ეკონომიკურ პოლიტიკაში მიღებულმა არათანმიმდევრულმა და არაკვალიფიციურმა გადაწყვეტილებებმა, რომელიც ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელი იყო და სათანადოდ შეფასებულიც არ ყოფილა, განაპირობა ის, რომ მთავრობის მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებებით შემდგომ მთავრობა თავადვე იყო იძულებული ეს გადაწყვეტილებები გაეუქმებინა, ან კიდევ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ჭიანურდებოდა, როგორიც იყო შრომის კოდექსთან, გადამზიდავების ბაზართან დაკავშირებული პრობლემები. გადამზიდავების ბაზარზე მაგალითად, დღემდე არ დაფიქსირებულა სამი წლის წინ დაანონსებული რეფორმა. ამ რიგის გადაწყვეტილებებს შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული გაუაზრებელი გადაწყვეტილებები, მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეცდომები და ა.შ. - ყველა ამ გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა საინვესტიციო გარემოს დაზიანებაზე და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შეაფერხა.
- "თავისუფალი დემოკრატები“ კოალიციის წევრები იყვნენ. რას აკეთებდით მაშინ, რომ ეს შედეგები არ დამდგარიყო?
- ჩვენი კოალიციაში ყოფნის პერიოდში პასუხისმგებლობას არ ვიღებდით ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ეკონომიკურ გუნდში “თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაც არ არსებობდა. გარდა ამისა, კოალიციის დატოვების შემდეგ, ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი გადახალისება განიცადა. ამ მიმართულებით ახალი ძალები შემოგვიერთდნენ და კვალიფიციური და მიზანმიმართული ეკონომიკური პროგრამა შემუშავდა, რომელიც ქვეყნის სტაგნაციის რეჟიმიდან გამოყვანას უზრუნველყოფს.
- თქვენი პროგრამის ყველაზე ხმაურიანი თემა 500 ლარიანი მინიმალური ხელფასებია, რომელიც ალბათ რეალისტურად არ ჟღერს. თუ შეგიძლიათ გვითხარით 500 ლარიანი მინიმალური ხელფასის თემა რა გათვლებს ეყრდნობა?
- "თავისუფალი დემოკრატების“ თქვენს მიერ დასახელებული კონკრეტული დაპირება ერთადერთ დაპირებას არ წარმოადგენს. ჩვენი ეკონომიკური პროგრამა მიზანმიმართული ეკონომიკური გადაწყვეტილებების ერთობლიობას წარმოადგენს. მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ ჩვენი გადაწყვეტილება ქართული შრომის ბაზრის კვლევას ეფუძნება, რომელმაც აჩვენა, რომ დაბალი ხელფასები ქართულ შრომის ბაზარზე პრობლემას წამოადგენდა და ამავე დროს გაანალიზებული იქნა აკადემიური კვლევის შედეგები და მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება. საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში უთანაბრობა, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობაზე ეკონომიკური ზრდის შედეგების არათანაბარი ასახვა განაპირობებს. შრომის ბაზრის პოლიტიკა ეკონომიკური ზრდის და ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის ერთ-ერთ ინსტიტუტად არის აღქმული. ჩვენი შეფასებით, განისაზღვრება, ისევე როგორც განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში საკანონმდებლო დონეზე და დადგინდება მინიმალური ხელფასების ოდენობა სრული განაკვეთით დასაქმების შემთხვევაში თვის განმავლობაში კონკრეტულ, 500 ლარის დონეზე. როგორც კერძო ისე საჯარო სექტორის დამსაქმებელი თუ დაასაქმებს პიროვნებას სრული განაკვეთით, თვის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს უნდა შეესაბამებოდეს.