3 ოქტომბრიდან დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამებზე სტუდენტების რეგისტრაცია იწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, განათლება არის მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
"3 ოქტომბრიდან ახალი მოდელით, დუალური განვითარების სისტემით იწყება საქართველოში პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის, 50 ახალი, დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამაში სტუდენტების რეგისტრაცია, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხის მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს. ეს არის წელს პირველად, ბევრ პროფესიაზე - მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა - ახალი დუალური პროგრამების განხორციელების დასაწყისი ახალციხის, კაჭრეთის, სენაკის, წინამძღვრიანთკარის კოლეჯებში, რომლებიც პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ადამიანებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც უშუალოდ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიული განათლების სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებით გათვალისწინებულია საცხოვრებლის და ტრანსპორტირების დაფინანსება და ყველა კოლეჯი არის ადაპტირებული შშმ პირებისთის. სტუდენტებმა, შესაძლებელია, პროფესიული ტესტირება გაიარონ აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსული ენებზე, ასევე, პარალელურად, პროფესიასთან ერთად, კოლეჯში შეისწავლონ ქართული ენა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით საფუძველი ჩაეყარა 10 ახალ დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი რეალურ დამსაქმებლებს ექნება.
პრემიერის განმარტებით, პარტნიორებისა და დამსაქმებლების სახით არიან ჩართული ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა BP, საქართველოს რკინიგზა, პორტები, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები.