245 მილიონი ფუნტის ($307 მილიონი) თაღლითობისთვის ბრიტანეთის სასამართლომ ბანკის HBOS ორი ყოფილი თანამშრომელი და მათი 4 ბიზნესპარტნიორი გაასამართლა და 3,5-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ჯგუფი 2003-2007 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლდა, - იტყობინება BBC.
HBOS-ის ყოფილი მენეჯერი ლინდენ სკაურფილდი 6 მუხლში სცნეს დამნაშავედ. მან თავის კლიენტებს ურჩია, იმ კომპანიებისთვის მიემართათ, რომლებიც სპეციალურად ფინანსური პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობენ. სკაურფილდს თავისუფლება 11 წლითა და 3 თვის ვადით აღუკვეთეს.
როგორც სასამართლოზე გაირკვა, კონსულტანტი-პარტნიორებიდან ერთ-ერთი 60 წლის დევიდ მილსი სკაურფილდს ქრთამს სთავაზობდა და ძვირადღირებულ საათებს ჩუქნიდა, ასევე მის გასართობ საღამოებს და სხვა "მამაკაცურ ბედნიერებებს" აფინანსებდა. მილსს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის განცხადებით, სკაურფილდმა "სექსის, ფუფუნებისა და დროსტარების სანაცვლოდ სული ეშმაკს მიყიდა".
გარდა ამისა, სასამართლომ 73 წლის ბიზნესმენს მაიკლ ბენკროფტს 10 წლის ვადით, ბანკის 56 წლის ექს-თანამშრომელს მარკ დობსონს - 4,5 წლით, ხოლო ბუღალტერს ჯონ კარტრაიტს - 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამ შემთხვევის შედეგად სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ ჩაითვალა.
"ამ საქმიდან ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ ეკონომიკაში. ესენი არიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მფლობელები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებოდათ და ნაცვლად ამისა, მათი ცხოვრება ამ გაუმაძღარმა პარაზიტებმა მთლიანად გაანადგურეს", - აღნიშნა სასამართლოზე პოლიციის დეტექტივმა ნიკ ჯონსმა, რომელიც ამ საქმეს 6 წლის მანძილზე იძიებდა.
HBOS ბანკი და სადაზღვევო კომპანია ერთ დროს ბრიტანეთის უმსხვილესი იპოთეკური კრედიტორი იყო. 2009 წელს იგი საბანკო ჯგუფმა Lloyds შეიძინა. ჰოლდინგური კომპანია HBOS-ს Bank of Scotland აკონტროლებს.