Home
Category
TV Live Menu

$307 მილიონის თაღლითურად მითვისებისთვის ბრიტანეთში ყოფილი ბანკირები დააკავეს

58959064cfc92
BM.GE
04.02.17 12:22
950
245 მილიონი ფუნტის ($ 307 მილიონი) თაღლითურად მითვისებისთვის ბრიტანეთის სასამართლომ ბანკის HBOS ორი ყოფილი თანამშრომელი და მათი 4 ბიზნეს პარტნიორი გაასამართლა და 3,5-დან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ჯგუფი 2003-2007 წლებში ჩადენილი დანაშაულისთვის გასამართლდა, - წერს BBC.

HBOS-ის ყოფილი მენეჯერი ლინდენ სკაურფილდი კორუფციის ჩათვლით, 6 ეპიზოდში აღიარეს დამნაშავედ. სკაურფილდს თავისუფლება 11 წლისა და 3 თვის ვადით აღუკვეთეს. საქმიდან ირკვევა, რომ დაკავებული პირები სხვადასხვა სერვისის მომსახურებაში საჭიროზე მაღალ გადასახადებს ითხოვდნენ, დარჩენილ თანხას კი საკუთარ ანგარიშზე რიცხავდნენ. საქმეში ჩართული ბევრი ბიზნესი აღნიშნულ პერიოდში გაკოტრდა. 

როგორც სასამართლოზე გაირკვა, კონსულტანტი-პარტნიორებიდან ერთ-ერთი 60 წლის დევიდ მილსი სკაურფილდს ქრთამს სთავაზობდა და ძვირადღირებულ, ექსტრავაგანტულ საათებს ჩუქნიდა, ასევე მის გასართობ-საღამოებს აფინანსებდა. მილსს 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გარდა ამისა, სასამართლომ 73 წლის ბიზნესმენს მაიკლ ბენკროფტს 10 წლის ვადით, ბანკის 56 წლის ექს-თანამშრომელს მარკ დობსონს - 4,5 წლით, ხოლო ბუღალტერს ჯონ კარტრაიტს - 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულებს, რომელიც მითვისებას, გაფლანგვას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, ფიზიკური ძალის გამოუყენებლობას გულისხმობს "თეთრი საყელოს დანაშაულად" თვლიან. აღნიშნული შემთხვევა ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.

‘’ამ საქმიდან ის ადამიანები დაზარალდნენ, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ ეკონომიკაში. ესენი არიან მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მფლობელები, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებოდათ და ნაცვლად ამისა, მათი ცხოვრება მთლიანად გაანადგურეს“ - აღნიშნა სასამართლოზე პოლიციის დეტექტივმა ნიკ ჯონსმა, რომელიც ამ საქმეს 6 წლის მანძილზე იძიებდა.

HBOS-ი ბანკი და სადაზღვევო კომპანია ერთ დროს ბრიტანეთის უმსხვილესი იპოთეკური კრედიტორი იყო. 2009 წელს იგი საბანკო ჯგუფმა Lloyds შეიძინა. ჰოლდინგური კომპანია HBOS-ს Bank of Scotland აკონტროლებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day