Home
Category
TV Live Menu

"6,6 მილიონი რუსი ტურისტი ალტერნატიულ დასასვენებელ ადგილს ეძებს და მათი ნაწილის მოზიდვას ვახერხებთ"

576a8e802a13e
BM.GE
22.06.16 17:06
1144
"გალტ&თაგარტმა“ საქართველოს ტურიზმის ტენდენციებზე ანგარიში მოამზადა. ანგარიში მოიცავს ისეთ თემებს, როგორიც არის: ვიზიტორების ზრდა, ტურიზმის სერვისი საქართველოში და საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ტურისტულ რეიტინგებში, - თემაზე "ბიზნესკონტაქტი“ „გალტ&თაგარტის“ საინვესტიციო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნინო პაპავას ესაუბრა.

- როგორია მიმდინარე წელს ტურისტების ზრდის ტენდენცია და რას უკავშირებთ მას?

- თებერვლიდან დაწყებული ვიზიტორების მხრივ ძალიან დადებითი ტენდენცია აღინიშნება. ჯამურად წლის პირველ ხუთ თვეში 15 %-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ კიდევ უფრო სწრაფად იზრდება რეალური ტურისტების რაოდენობა, ანუ იმ ვიზიტორების, რომელიც ქვეყანაში 24 საათზე მეტ დროს ატარებენ. 2015 წელსაც გვქონდა ზრდა ჯამურ ვიზიტორებში, მაგრამ ეს მოხდა ტრანზიტული ვიზიტორების ხარჯზე, რეალური ტურისტებისრაოდენობა კი მხოლოდ 2,4%-ით გაიზარდა.

რუსეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდა ჩვენი აზრით დიდ წილად დაკავშირებულია იმ ფაქტთან რომ რუსი ტურისტები თურქეთისა და ეგვიპტის ბაზრებს ერიდებიან. ეს ჯგუფი კი წლიურად 6,6 მილიონ ტურისტს შეადგენდა.

ირანელი ვიზიტორების რაოდენობაზე თებერვალში აღდგენილმა უვიზო რეჟიმმა იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. რუსი ვიზიტორების რაოდენობის მხრივ საკმაოდ მაღალი ზრდის მოლოდინი გვაქვს. როგორც წესი, რუსი ვიზიტორების ნახევარზე მეტი საქართველოში ივნისიდან სექტემბრის თვეებში ჩამოდის. ამ მხრივ თურქეთის ტურისტული სეზონი დიდ წილად ემთხვევა ჩვენსას და შესაბამისად, ადრე თურქეთში დამსვენებელი რუსი ტურისტების 15%-20 %-იც რომ ჩამოვიდეს საქართველოში, ჩვენი მოლოდინები გამართლდება.

- რუსი ტურისტების გარდა, თუ შეიძლება თურქეთი და ეგვიპტე სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმაც ჩაანაცვლონ საქართველოთი?

-ამჟამად ჯამური ვიზიტორების რაოდენობაში 87% უკავია ოთხ წამყვან ბაზარს, ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, მაგრამ დადებითი ტენდენცია წელს ზუსტად ის არის, რომ არატრადიციული ბაზრებიდან ვიზიტორების რაოდენობა იზრდება. ადრე ვინც ისვენებდა ეგვიპტესა და თურქეთში ახლა ალტერნატიულ დასასვენებელ ადგილს ეძებს. თურქეთის პრობლემატიკა უფრო რუსეთთან არის, თუმცა ამას ტერაქტების მომენტიც დაემატა თურქეთის ტერიტორიაზე და ამ მხრივ ტურისტები ამ სეზონზე თურქეთის ბაზარს ერიდებიან.

-საქართველოს რამდენად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იგივე თურქეთისა და ეგვიპტის ტურისტულ სერვისს და სად არის უფრო მეტად ნაკლოვანება ქართულ ტურისტულ სერვისში?

-ტურიზმის სექტორში ფასის და ხარისხის შესაბამისობა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ნებისმიერ ტურისტს ძალიან ფართო არჩევანი აქვს თუ სად დაისვენოს და მსოფლიოს ტურისტული ბაზრები უფრო და უფრო კონკურენტული ხდება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მხრივ აუცილებელია სექტორის მონაწილეებმა, რესტორნები იქნება ეს თუ დასასვენებელი ადგილები, გრძელვადიანი ხედვა შეინარჩუნონ. წელს ჩვენ რეალურად გაგვიმართლა, რომ 6,6 მილიონი რუსი ტურისტია, რომელიც ალტერნატიულ დასასვენებელ ადგილს ეძებს და ამ დიდი რაოდენობის პატარა წილის მოზიდვას ვახერხებთ, რასაც საქართველოში ვიზიტორების რაოდენობაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. მაგრამ თუ ეს ტურისტები უკმაყოფილო დარჩნენ და მათ ჩათვალეს, რომ ჩვენი მომსახურება და ხარისხი შესაბამისობაში არ მოდის ფასთან, ამ ზრდას ერთჯერადი ხასიათი ექნება და საქართველოს ტურისტული იმიჯი დაზიანდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა რესტორნებმა და სასტუმროებმა ტურისტების მოზღვავებით ბოროტად არ ისარგებლონ, რადგან ეს საშუალო და გრძელ ვადაში უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს იმიჯზე.

-მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის რეიტინგებში საქართველოს რა პოზიციები აქვს და სად არის ტურისტული სერვისები გასაუმჯობესებელი?

- ბიზნეს გარემოს კუთხით მაღალი პოზიციები გვიკავია. რაც შეეხება გასაუმჯობესებელ პოზიციებს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივი/კულტურული რესურსების ქვეინდექსებში საკმაოდ დაბალი რეიტინგები გვაქვს. თვითონ ინდიკატორების დონეზე რომ შევხედოთ, დაბალი რეიტინგები გვაქვს საჰაერო ინფრასტრუქტურაში, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა სექტორში და არასაკმარისი საერთაშორისო კონფერენციები ტარდება ქვეყანაში. ასევე პრობლემები გვაქვს გარემოს დაცვის რეგულაციების სიმკაცრისა და აღსრულების კუთხით.

ძალიან პრობლემატურია დასავლეთისკენ ფრენების ნაკლებობა. იმისთვის, რომ სწორად განვითარდეს ტურიზმის სექტორი და მოვიზიდოთ მაღალი ხარისხის ბიზნეს დამსვენებელი, მათ უნდა გავუადვილოთ ქვეყანაში ჩამოსვლა და ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მოწინავე პრობლემაა. ეს უნდა მოხდეს სახელმწიფო დონეზე. უნდა მოხდეს მოლაპარაკება სახელმწიფოსა და შესაბამის უწყებებს შორის რომ გაიხსნას სხვადასხვა ბაზარი დასავლეთისკენ. ამჯერად როგორც იცით TAV-ს უკავია თბილისის და ბათუმის აეროპორტები; გრძელვადიანი კონტრაქტია გაფორმებული და ერთ-ერთი პრობლემატური თემა ამ მხრივ მოლაპარაკებების წარმოებაა.

ასევე მნიშვნელოვანი ტენდენციაა რომ შემდეგი 3 წლის ვადაში დაგეგმილი პროექტების დიდი წილი მოდის მაღალი კლასის სასტუმროებზე, საშუალო კლასის ბრენდირებული სასტუმროები კი ნაკლებად ვითარდება. ამ ნიშის ათვისება მნიშვნელოვანი იქნება; ინვესტორებიც ხედავენ უკვე ამ შესაძლებლობას და შესაბამის რეაგირებას ახდენენ. ასევე მნიშვნელოვანია რომ განვითარდეს ბრენდირებული სასტუმროები რეგიონებში. საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ამაღლებს ქალაქისა თუ კურორტის იმიჯს, მათ შემოაქვთ თავიანთი აწყობილი სისტემები, ასაქმებენ და განავითარებენ ადგილობრივ კადრებს, და დადებით სიგნალს აძლევენ სხვა დაინტერესებულ ინვესტორებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day