Home
Category
TV Live Menu

95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ

57a1badf707b1
BM.GE
03.08.16 13:34
1279
95 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები საკუთრებაში გადაეცათ - შესაბამისი განკარგულების პროექტი, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ეკომიგრანტებისთვის გადაცემული ქონება საქართველოს რამდენიმე რაიონშია განლაგებული, კერძოდ: წალკის, თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, სიღნაღის, გურჯაანის, ახმეტისა და ხონის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქალაქ წალკაში, ქალაქ დუშეთში, ქალაქ ხონში, ქალაქ მარნეულსა და ქალაქ თეთრიწყაროში. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ოჯახს გადაეცა საშუალოდ 2600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და დაახლოებით 40-50 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.

"ეს ადამიანები იქ საკმაოდ დიდი ხანია ცხოვრობენ და მათი პრობლემები იყო მოუგვარებელი. ჩვენ მოგვეცა ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა და, შესაბამისად, ეს ქონებები მათ გადაეცათ საკუთრებაში“ - აღნიშნა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ეკომიგრანტებისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის განკარგულების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მოამზადა.

Subscribe to our news

Get the main news of the day