უახლოეს ორ წელიწადში "აჭარა ჯგუფი" ROOMS-ის ბრენდის სასტუმროების ქსელის განვითარებაში 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. ყაზბეგისა და თბილისის შემდეგ, რიგით მესამე "რუმსის" სასტუმროს მშენებლობა ბაკურიანში, "კოხტა-გორას" მიმდებარედ ხორციელდება. როგორც "აჭარა ჯგუფის" ხელმძღვანელი, ვალერი ჩეხერია "საქმის კურსთან" აცხადებს, ახალი 100 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რომელზეც 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, პირველ ვიზიტორებს 2018 წლიდან მიიღებს.
უახლოეს 2 წელიწადში კომპანიას დაგეგმილი აქვს "რუმსის" ბრენდის სასტუმროების ქსელი შექმნას ბათუმში, ციხისძირში და კახეთის რეგიონში.
"მომდევნო სამი პროექტის შემთხვევაში საუბარია 25 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე", - ამბობს ვალერი ჩეხერია.
მისი თქმით, ბათუმში ROOMS-ის მშენებლობა მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. პარალელურად კომპანია სასტუმროების ქსელის განვითარების მიზნით ახალი მიმართულებების აღმოჩენაზე მუშაობს.