აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სოფლის ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს. ამ მიზნით გასულ კვირას აჭარაში ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართა. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბერძენიშვილი „საქმიან დილასთან“ საუბრისას აღნიშნავს, აჭარაში 20 ტურისტული მეურნეობაა, რომლებიც სოფლის ტურიზმის ჭრილში ღებულობენ სტუმრებს. გასულ წელთან შედარებით მსგავსი ობიექტების რაოდენობა 12-ით გაიზარდა. ბერძენიშვილის განცხადებით, ობიექტებს ისეთი სერვისები ემატება, „რომლებიც ქალაქში ურბანულ დასახლებებში არსებულმა კომპანიებმა სოფლად არსებულ გეოგრაფიულ არეალებს მიაბეს“. მსგავსად ბერძენიშვილი რაფტინგსა და ფოლკლორულ მომსახურებებს ასახელებს.
"ჩვენ გვინდა, ჩვენს მოსახლეობას გავაცნოთ ის, თუ რა პოტენციალი გაგვაჩნია სოფლად და გვინდა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა აღიქვან ის, რომ სოფელი ასევე შესაძლებელია ტურიზმის ჭრილში იქნას განხილული. ამიტომაც ჩვენი სურვილია უპირველესად, ჩვენივე რეგიონში მოგზაურობის სტიმულირება ადგილობრივ მოსახლეობაზე მოვახდინოთ. ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უკვე საერთაშორისო პოზიციონირების ერთ-ერთ საშუალებად გადაიქცევა.
აჭარაში უკვე ოფიციალურად 20 ტურისტული მეურნეობა გვაქვს, რომლებიც სოფლის ტურიზმის ჭრილში ღებულობენ ტურისტებს.
ყველაზე დიდი ზრდა წელს ტურისტების რაოდენობის მხრივ მაჭახელასა და ხიხანის ხეობებში გვაქვს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზოგადად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობას ითვლის ჩვენ კი ამ ყველაფრის რეგიონალურ დონეზე გეოგრაფიული არეალების დიფერენცირებას ვახდენთ. შესაბამისად, ხიხანისა და მაჭახელას ხეობაში ტურისტების რაოდენობა იქ არსებული მუზეუმების ვიზიტორებისა და იქ არსებული ტურისტული მეურნეობების სტუმრების ჯამური გაერთიანების საშუალებით ითვლება", - აცხადებს ბერძენიშვილი.