""რაკია ჯორჯია" არ აბრუნებს უკვე მიღებულ 20 მილიონ დოლარს, რომელიც გაანაღდა და გამოიყენა თავის შეხედულებისამებრ", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ავსტრიული კომპანია VI2-ის ადვოკატმა დავით ასათიანმა.
ადვოკატი განმარტავს, რომ "რაკიას" მიერ გუშინ საპასუხოდ გავრცელებული განცადება "ბუნდოვანია". ასათიანის თქმით, ავსტრიული კომპანია სასამართლოში მოთხოვნის მესაკუთრეს წარმოადგენს და მას სრული უფლება აქვს სარჩელი აწარმოოს.
"მე დანამდვილებით ვიცი, რომ ავსტრიული საინვესტიციო კომპანია ბოლო მომენტამდე ცდილობდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა რაკიასთან, არანაირი გამოხმაურება მათი მხრიდან არ ყოფილა.
მტკიცებულებები, რომელიც საქმეში დევს ნათლად მიუთითებს, რომ მყიდველებმა შეთანხმბეული 62 მილიონი დოლარის საბანკო ჩეკი გადასცეს „რაკია ჯორჯიას“. ხოლო "რაკიამ" ამ ჩეკებიდან უკვე გამოიყენა და გაანაღდა 20 მილიონი. მათ ჰქონდათ უფება გაენაღდებინათ ყველა ჩეკი.
რაკია ჯორჯია არ აბრუნებს უკვე მიღებულ 20 მილიონ დოლარს, რომელიც გაანაღდა და გამოიყენა თავის შეხედულებისამებრ", - განმარტავს ადვოკატი. მისივე თქმით ავსტრიული კომპანია ამ ეტაპზე საქმეს აწარმოებს არა აქტივის გადაცემაზე, არამედ აღნიშნული 20 მილიონი დოლარის და მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე.
ასათიანის განცხადებითვე, მისთვის ბუნდოვანია "რაკიას" განცხადება ავსტრიული კომპანიის მიმართ ამერიკული სანქციების გატარების შესახებ.
"ეს არის ავსტრიული კომპანია , რომელიც დიდი ხანია ოპერირებს ევროკავშირის ბაზარზე.
ჩვენი სარჩელის მიზანი არაა რომ პარალიზება მოხდეს აღნიშნული აქტივის ფუნქციონირების. დღეს სასამართლოს მიერ "რაკია ჯორჯიას" აკრძალული აქვს შერატონის და სხვა აქტივების რეალიზაცია, გაყიდვა და უფლებრივად დატვირთვა", - განაცხადა ასათიანმა.
შეგახსენებთ, რომ "რაკია ჯორჯიას" აქტივები, - სასტუმრო "შერატონი" და მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია. ავსტრიული კომპანიის მტკიცებით, მათ რაკიასგან შერატონი 62 მილიონად შეიძინეს, საიდანაც 20 მილიონი დოლარის გადახდა მოხდა, თუმცა კომპანია არც აქტივის და არც თანხის გადაცემას არ ახორციელებს.
"რაკია ჯორჯიაში" კი განმარტავენ, რომ VI2-ს, არ გააჩნია სარჩელის აღძვრის კანონიერი უფლება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა მხარეს სასტუმროს შესყიდვასთან დაკავშირებით არსებულ თავდაპირველ გარიგებაში, არ გახლდათ ჩართული ამ საქმეში, შესაბამისად, ვერ განიცდიდა დანაკარგს.