ოკუპირებული აფახაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან რეგიონის ელექტრომომარაგების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ შპს „ენგურჰესის“ დირექტორმა ლევან მებონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთში გაზრდილი ენერგომოხმარება კვლავ რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის შეძენის გზით დაიფარება.
რუსეთიდან დამატებითი ენერგია აფხაზეთის რეგიონს მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებით სჭირდება, რადგან როგორც ლევან მებონია აღნიშნავს, მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან, დაახლოებით 20 დღის განმავლობაში "ენგურჰესის" გვირაბის დათვალიერება უნდა მოხდეს, რათა შემდგომი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმოს.
"ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 200 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგიის შეძენა იქნება საჭირო იმისთვის, რომ გვირაბის დათვალიერების შემდეგ, „ენგურჰესის“ გაშვებამდე, რაც სავარაუდოდ 15 მარტისთვის მოხდება, აფხაზეთს ელექტროენერგია მიეწოდოს", - განმარტა მებონიამ.
რაც შეეხება აფხაზეთის გამრიცხველიანების საკითხს, როგორც ლევან მებონია აცხადებს, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეთანხმება შედგა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც ამ საკითხს მოაწესრიგებენ.
"გამრიცხველიანების ხარჯებს ვინ აიღებს საკუთარ თავზე, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი მხირდან რეგიონს ტექნიკურად დავეხმარებით, მათ შორის ადამიანური რესურსით - ინჟინრებით. მათ ესმით, რომ თუ ეს პრობლემა არ აღმოიფხვრა, ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა ექნებათ. გამრიცხველიანების შემდეგ ამოღებულ თანხას კი ქსელის რეაბილიტაციას მოახმარენ", - განაცხადა ლევან მებონიამ.
ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით მომარაგების პრობლემა გასულ წელსაც შეექმნა და ამ მიზნით საქართველოს მთავრობამ რეგიონის ენერგომოხმარების დასაკმაყოფილებლად ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციისგან შეიძინა.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში, კომპანია "ჩერნომორენერგოს" წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის გამართვის მიზნით გუშინ გაემგზავრა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე "ენგურჰესზე" დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო განსახილველი.