საქართველოს მთავრობის დადგენილება "რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ" მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას და ბიზნეს ოპერატორის მიერ რძის და რძის ნაწარმის და ასევე რძის შემცველი პროდუქტების წარმოების და ბაზარზე განთავსების პირობებს აწესრიგებს. ცვლილებები მწარმოებლებსაც და დახლებსაც დაეტყო. კიდევ ერთი ეტაპია ყველისათვის ეტიკეტირება, რადგან ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და ამავე დროს, მაღალი რისკის შემცველი სურსათია, თემის დეტალებით "საქმიან დილასთან" სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი საუბრობს.
- ყველზე ეტიკეტირებით რა იცვლება და დღეს როგორ ყველს მოვიხმართ?
-"რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ" დადგენილება 2015 წლის ივნისში შევიდა ძალაში და აგვისტომდე ბიზნეს ოპერატორებს მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდათ. 2015 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, სავალდებულო წესით იქნა განსაზღვრული, რომ ის მწარმოებელი, რომელიც რძის ნაწარმს აწარმოებს და მისი წარმოებული პროდუქტი მცენარეულ ცხიმს შეიცავს, კანონის შესაბამისად, ვალდებულია დააწეროს ამ პროდუქტს არა ყველი, ხაჭო, რძე ან სხვა, არამედ რძის შემცველი პროდუქტი, რომელიც თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს მხოლოდ რძის შემცველი ნაწარმი არ არის.
-ყველთან დაკავშირებით რა ცვლილებები იქნება დაწესებული?
-ეს სიახლე არ იქნება ალბათ, რადგან აღნიშნულ საკითხზე დიდი ხანია ვსაუბრობთ და საუბარია იმაზე, რომ ბაზრებში განთავსებულ ყველზე აუცილებლად უნდა იყოს ეტიკეტი, რომელიც მის შემადგენლობას ასახავს. ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ჩვენ უკვე 2 წელია მთავრობის დადგენილების შესაბამისად ვახორციელებთ იმ ბიზნეს ოპერატორების აღიარების პროცედურებს, რომლებიც ცხოველური წარმოშობის სურსათს აწარმოებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეწარმე, რომლის პროდუქტზე ეწერება საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომელიც მეწარმის აღიარების ნომერი იქნება, მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფება და კონტროლდება რამდენად უვნებელი პროდუქცია გამოდის მათი საწარმოდან.
-ამ მიმართულებით დღეს რა ხდება აგრარულ ბაზრებზე, იქ ხომ ე.წ. სოფლის პროდუქტებიც იყიდება?
-აგრარული ბაზარიც ჩვეულებრივი ბიზნესოპერატორია, რომელიც ვალდებულია, რომ მისი ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული სურსათი უვნებელი იყოს. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ის პიროვნება, რომელიც მასთან მაგალითად, ყველს ყიდის, ამ პროდუქტის შესახებ სრულ ინფორმაციას აწვდიდეს, რომ ეს ყველი ჯანმრთელიო ცხოველის რძისგან არის მიღებული. ამავე დროს, გეტყვით, რომ გარე მოვაჭრეების გაკონტროლება ჩვენთვის ძალიან ძნელია. ასეთ შემთხვევაში ბაზარსაც ვერ ექნება სრული შემოწმების საშუალება, მაგრამ პროდუქტის მიმტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ სარწმუნო ინფორმაცია წარადგინოს იმ ცხოველის შესახებ, რომლისგანაც წარმოებულია პროდუქტი. ფიზიკური პირისთვის ამის უზრუნველყოფა ცოტა ძნელია, რადგან აქ მხოლოდ ცხოველის ჯანმრთელობაზე კი არ არის საუბარი, არამედ პირობებზე- ყველის წარმოების დროს ხდება თუ არა იმ ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა, რომელიც აუცილებელია. პროდუქტის წარმოების პროცესიც აუცილებლად სათანადო პირობებში უნდა იყოს წარმართული, რომ ჯანსაღი პროდუქცია მიიღო. შეიძლება მეორადად დაბინძურდეს არასათანადო პირობებში დამზადებული პროდუქტი. ასევე, მნიშვნელოვანია მისი ტრანსპორტირების და დისტრიბუციის პირობებიც. რამდენად უზრუნველყოფს ამ ყველაფერს ფიზიკური პირი ეს უკვე სანდოობის მომენტია. რისკები საკმაოდ დიდია.
-დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, დახლებზე განთავსებული ყველის დაახლოებით რამდენი პროცენტი შეიძლება მოსახსნელი გახდეს, რომ ყველა ეს პროცედურა დაცული იყოს?
- უნდა ვთქვათ, რომ ეტიკეტი მაინც და მაინც ყველზე დაკრულ ინფორმაციას არ გულისხმობს. თუ ეს შეფუთული ყველი არ იქნება, შესაძლოა ინფორმაცია ჩანართი ფურცლის სახით იყოს განთავსებული მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. თუ ზუსტი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია, ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა.
-დარღვევის შემთხვევაში რა სანქციებია?
-დარღვევის შემთხვევაში ჩვენ უკვე მეწარმეზე გავდივართ, პროდუქტს და ეტიკეტირების შესაბამისობას ვამოწმებთ. პროდუქტს ადგილობრივი ბაზრიდან ვიღებთ და ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ვნახულობთ, რამდენად შეესაბამება პროდუქტის ეტიკეტზე დაწერილი მის შიგთავსს. თუ დარღვევას ექნება ადგილი, მაშინ მწარმოებელი ჯარიმდება.
-2015 წლის 1 აგვისტოს შემდეგ, რაც აღნიშნული რეგლამენტი ამოქმედდა, დარღვევების რა რაოდენობა იქნა გამოვლენილი და რამდენად იყო ეს საფრთხის შემცველი?
-ძირითადად დარღვევებში ეტიკეტსა და პროდუქტის შიგთავსს შორის შეუსაბამობა იყო. ჩვენ უკვე მესამე წელია, რაც ამას ვაკეთებთ და შარშანწინ დარღვევის მეტი ფაქტი გვქონდა. შარშან უკვე დარღვევების შემცირების ტენდენცია შეიმჩნეოდა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც რძის ნაწარმზე პროცენტულობა ეწერა ისეთი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა და ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც პროდუქტს რძის ნაწარმი ეწერა და სინამდვილეში რძის შემცვლელი იყო. ასეთი შემთხვევები უფრო ინდივიდუალურია. დიდი კომპანიები ჩვენთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცდილობენ ბრენდი შეინარჩუნონ. ჩვენ მათთან მუდმივი თანამშრომლობის რეჟიმში ვმუშაობთ.