აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში ერთ თვეში 2500-მდე სადაზღვევო პოლისია გაცემული. ამის შესახებ "საქმის კურსს" სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ მხრივ აქტიური პერიოდი ახლა კახეთსა და შიდა ქართლშია, სადაც ბენეფიციარები სხვადასხვა სახის კულტურებს აზღვევენ, მათ შორის მარცვლეულს, კენკროვანს და მრავალწლიან კულტურებს - ვაშლი, ატამი და ა.შ.
პროექტის მენეჯერი დასავლეთ საქართველოში პოლისების შესყიდვის გააქტიურებას შემოდგომიდან, ციტრუსის სეზონის გააქტიურებისას ელოდება.
მთავრობამ აგროდაზღვევის პროექტი წელს მარტის ბოლოს დაამტკიცა. პროგრამის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარით განისაზღვრა. აგროდაზღვევის პროექტში მიმდინარე წლიდან თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50% იქნება.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 3 წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანი აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირებისთვის შემოსავლის შენარჩუნება და რისკების (სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა) შემცირებაა.
2014- 2016 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:
• გაცემულია 47,485 პოლისი
• დაზღვეული ფართობი შეადგენს 39,138 ჰა
• ჯამში დაიზღვა 326,842,630 ლარის მოსავალი
• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ 22,051,912 ლარის სუბსიდირება მოახდინა.
2 წლის განმავლობაში ანაზღაურებულმა ზარალმა 19 მლნ. ლარამდე შეადგინა.