Home
Category
TV Live Menu

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა თებერვლიდან განახლდება

587cbbe6051f7
თელარა გელანტია
16.01.17 16:25
999
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამისთვის 2017 წლის ბიუჯეტში 7 მლნ ლარია ჩადებული, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 3 მლნ-ით ნაკლებია.

როგორც "ბიზნესკონტრაქტს" აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერმა ლევან მაღრაძემ განუცხადა, პროგრამა, სავარაუდოდ, თებერვლიდან ამოქმედდება.

2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებს შორის ლევან მაღრაძე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ზიანის შეფასების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრების დეფიციტს ასახელებს.

მისი ინფორმაციით, შვეიცარიის განვითარების ფონდის ფინანსური დახმარებით განხორციელდა სადაზღვეო კომპანიების 15-მდე თანამშრომლის და ასევე სხვა მსურველების დატრენინგება, რათა ზიანის შეფასების ობიექტურობასთან დაკავშირებით ბენეფიციარებს კითხვები არ ჰქონდეთ.

"2015 და 2016 წლების განმავლობაში, საქართველოში იმყოფებოდნენ სასოფლო სამეურნეო მიმართულების ექსპანელი ექსპერტები. შემუშავდა წიგნები და მეთოდოლოგია, რომლითაც სადაზღვეო კომპანიების ექსპერტები იხელმძღვანელებენ, მაგრამ ჩვენს გეგმებში შედის ექსპერტების სერთიფიცირების შემოღება", - განაცხადა მაღრაძემ, თუმცა მთავრობაში ჯერ ჩამოყალიბებულები არ არიან თუ რომელი ორგანო განახორციელებს ექსპერტების სერთიფიცირებას.

რაც შეეხება შედეგებს და პროგრამის ეფექტიანობას, ლევან მაღრაძე ამბობს, რომ ამისთვის გრძელვადიანი მონაცემების ანალიზია საჭირო. 2014-2016 წლების სტატისტიკური მონაცემების თანახმად კი, 2014-2015 წლებში უნიკალური ბენეფიციარების რაოდენობამ 25 111 შეადგინა, 2016 წელს კი - 14 523. რაც შეეხება გაცემული სადაზღვეო პოლისების რაოდენობას, 2014-2015 წლებში ეს რიცხვი 28 690-ს შეადგენდა, მხოლოდ 2016 წელს კი - 18 795-ს. ამასთან, 2014-2015 წლებში დაზღვეული ფართობების მოცულობა 23,667 ჰა იყო, 2016 წელს კი - 15, 472 ჰა.

ასევე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 2014-2015 წლებში სადაზღვეო კომპანიებმა ბენეფიციარებს 14 მლნ ლარზე მეტი ზარალი აუნაზღაურეს, სააგენტოს მხრიდან ანუ სახელმწიფოს სუბსიდირებამ კი შეადგინა 13 მლნ 800 ათასი ლარი. 2016 წლის მონაცემებიდან გამომდინარე კი, სააგენტოს 8 მლნ ლარი აქვს გადასახადელი.

Subscribe to our news

Get the main news of the day