Home
Category
TV Live Menu

"აგროლენდი" ქართულ დაფნას ინტერნეტის მეშვეობით ნამიბიასა და ფილიპინებში ყიდის

59313608c2766
სალომე მეცხვარიშვილი
02.06.17 14:05
918
დაფნის მწარმოებელი ქართული კომპანია "აგროლენდი" უკვე 10 წელია პროდუქციას საქართველოს ფარგლებს გარეთ ყიდის. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ნადარაია "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე საქართველო დაფნის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია თურქეთისა და სირიის შემდეგ.

ქართულ პროდუქციას "აგროლენდი" ყიდის არამარტო ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა ყაზახეთი, უკრაინა და რუსეთი, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორიცაა ნამიბია, ფილიპინები, ჩინეთი და ა.შ.

გიორგი ნადარაია ამბობს, რომ ახალი ბაზრების მოძიება ინტერნეტის მეშვეობით შეძლეს.

"დღეს უკვე გახსნილია სამყარო და ინტერნეტის მეშვეობით კომუნიკაციის პრობლემა აღარ დგას. B2B მარკეტების და სხვა სავაჭრო პორტალების მეშვეობით ვათავსებთ პროდუქციას ინტერნეტში და ასე ვყიდით",- აცხადებს გიორგი ნადარაია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია წლიურად საშუალოდ 600 ტონა დაფნას აწარმოებს და გაყიდვის პრობლემა აბსოლუტურად მოხსნილი აქვს.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ქართული დაფნის პრობლემა ისაა, რომ ბაზარი თითქმის სრულად აქვს ათვისებული თურქეთს, ამიტომ მისთვის კონკურენციის გაწევა შედარებით დაბალი ფასებით უწევთ.

"სანამ ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით და თავისუფალი ბაზარი არ იყო, თურქეთმა დაიმკვიდრა ადგილი და ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი გახდა როგორც აზიური, ასევე ევროპული ბაზრისთვის. ამიტომ მისი ჩანაცვლება რთულია, ეს წლებათნ არის დაკავშირებული. ჩვენ ვცდილობთ ყურადღება მივიქციოთ დაბალი ფასით, შემდეგ უკვე ურთიერთობაში დამკვეთებს მოსწონთ ჩვენი ხარისხიც, ბიზნეს კულტურა და ნელ-ნელა თავს ვიმკვიდრებთ",- აცხადებს გიორგი ნადარაია.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, მისი თქმით, ჯერჯერობით იმდენად არიან დაკავებული ყაზახური თუ უკრაინული ბაზრით, ახალი ბაზრების ათვისებისთვის ვერ იცლიან. გიორგი ნადარაია განმარატავს, რომ ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი ინვესტიციებია საჭირო.

"ევროკავშირი განსაკუთრებულ სტანდარტებს არ ითხოვს, თუმცა, საბუთებს გვიგზავნვიან, რომელშიც იგულისხმება, რომ წარმოებში ყველა ზოლი დანომრილი უნდა იყოს, ყველაფრის ანალიზი უნდა გქონდეს აღებული, რაც ჩვენთან პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ასეთი წინწასული ლაბორატორიები ჩვენთან არ არსებობს. საწარმოში ასეთი ლაბორატორიები არ დგას. თუმცა, ევროპაში შესვლა ძალიან ძნელია მეორე მიზეზის გამოც, რამდენადაც აქაც ძირითადი მიმწოდებელი თურქეთია. ამასთან, ევროპა აზიისგან განსხვავებით ითხოვს დაკალიბრებულ დაფნას, დახარისხებულს. ეს ცალკე ინვესტიციას მოითხოვს, რადგან დასამატებელია ამ მიმართულების ხაზი. ამჟამად გასაღებითვის ყაზახეთის და რუსეთის ბაზარიც გვაქვს და პრაქტიკულად ამისთვის ვერც ვიცლით. არ გვიღირს არც ეკონომიკურად",- აცხადებს გიორგი ნადარაია და აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ევროკავშირის ბაზარზე გასვლისთვის შესაბამის ნაბიჯებსაც გადადგამენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day