თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი რეაბილიტაციის გამო 1-ლი მარტიდან 1 ივლისამდე, დღის გარკვეულ მონაკვეთებში დაიხურა და რეისები დროებით შეცვლილი გარფიკის მიხედვით სრულდება. როგორც "ბიზნესკონტაქტთან’’ "აირზენას" გენერალური დირექტორი ამბობს, რეისების საღამოს საათებში გადატანამ კომპანიის გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა.
"ასაფრენი ზოლი მხოლოდ ღამით ფუნქციონირებს, ამიტომ აზრი არ აქვს ახალი მიმართულებების დამატებას. 1-ლი მარტიდან დღის განმავლობაში ასაფრენის ზოლის დახურვამ პრობლემები შეგვიქმნა. დავკარგეთ მგზავრები და შესაბამისად კომპანიამ ფინანსური ზარალი განიცადა, რომლის დათვლაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს", - აცხადებს გივი დავითაშვილი.
"აირზენა" გასული თვიდან სატესტო რეჟიმში რეისებს სომხეთის მიმართულებით ასრულებს. "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორის, გივი დავითაშვილის განცხადებით, სომხეთის მიმართულებით ავიაკომპანია დაახლოებით 30-40%-იანი დატვირთვით მუშაობს. როგორც ის განმარტავს, თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისები კვირაში ორი დღე სრულდება. თბილისის აეროპორტის ახალი ასაფრენი ზოლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი კომპანია ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატებაზეც ფიქრობს. დავითაშვილის თქმით, "ჯორიან ეარვეისმა" მოსკოვისა და თელავივის მიმართულებით რეისების სიხშირე უკვე გაზარდა, აღდგა ასევე რეისები ამსტერდამის, ვენისა და პეტერბურგის მიმართულებით. კომპანია ახალი ასაფრენი ზოლის გახსნის შემდეგ ევროპის ახალი მიმართულებების ათვისებასაც გეგმავს.