საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ოთხწლიანი საქმიანობის ათვლა დაიწყო. სამომავლო გეგმებზე "ბიზნესკონტრაქტთან" მეცხრე მოწვევის პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საუბრობს.
- ბატონო აკაკი, რა იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც თქვენ კომიტეტში დააყენებთ?
- პირველი საკითხები, რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის დაუყონებლივ შესრულების დაწყებას დაუკავშირდება. ეს კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინის ცვლილებას უკავშირდება, რომელიც მიზნობრიობის გაზრდა უნდა მოხდეს, ანუ ეს გულისხმობს უმწეო მოქალაქეებისთვის წამლის ქვეპროექტის დამატებას, ხოლო შედარებით შეძლებული მოქალაქეებისთვის კი პროგრამის დიზაინის ცვლილებას, კერძო დაზღვევის როლის გაძლიერებას. ამავდროულად, სხვა მიმართულებითაც დავიწყებთ მუშაობას, მაგალითად, როგორიც არის სოციალური დაცვის კანონმდებლობების გადახედვა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების ინიციატივები და შრომითი ურთიერთობის საკიტხები. აღნიშნული მიმართულებებით სწორედ იმ დაპირებების შესრულებას დავიწყებთ, რაც პროგრამაში გვიწერია.
- მთავარ პრობლემად სახელდებოდა, დამატებითი, გაბერილი ხარჯები - როგორ შეიძლება ეს ყველაფერი მოგვარდეს, რა ქსემა გაქვთ მოფიქრებული და ეს ყველაფერი როდიდან ამოქმედდება?
- ორი მთავარი მიმართულებაა, - ერთია დაფინანსების მეთოდის ცვლილება, რაც გლობალური ბიუჯეტის შემოღებასა და დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების, ანუ მეთოდოლოგიის შეცვლას გულისხმობს. ასევე მშობიარობის პროგრამის ფარგლებში პილოტირება დაიწყება, რომელსაც ალბათ ორი წელიწადი დასჭირდება. მეორე მიმართულება კი სელექტორი კონტრაქტირებაა, ანუ კონკურსის წესით საუკეთესო, შედარებით მაღალკომპეტენტური, კვალიფიციური და მაღალი დონის დაწესებულებების შერჩევა, რაც უპირველესად, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებას, პაციენტის უსაფრთოებასა და ჯანმრთელობას უკავშირდება და ამავე დროს, საშუალებას გვაძლევს, რომ ხარჯები გაცილებით უფრო პროგნოზირებადი იყოს.
- კონტროლი რა მიმართულებით მარტივდება?
- რა თქმა უნდა, მონიტორინგი რამდენიმე დაწესებულებაში გაცილებით ადვილი იქნება, ჩვენ ასევე დამატებით ხარისხის ინდიკატორების შემოღებასაც ვგეგმავთ, რომელიც კონკრეტულად გარკვეულ დაფინანსების სისტემას მიებმება. აღნიშნულ მექანიზმებს ვიხილავთ და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველაზე მაღალი მონაცემების მქონე დაწესებულებები, სადაც გვეცოდეინება, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის სტანდარტებს დაიცავენ, შედარებით მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და უკვე მომავალი წლიდან ამ მექანიზმების განხორციელება დაიწყება. თუმცა საკონკურსო პირობების ჩამოყალიბებას გარკვეული დრო დასჭირდება.