აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ გერმანული უმსხვილესი ბანკი Deutsche Bank 156.6 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. აღნიშნული თანხიდან 136.9 მილიონი აშშ დოლარი „სავალუტო ბაზარზე სახიფათო პრაქტიკის“ გამოყენებისთვის დაკისრებული ჯარიმაა, ხოლო 19.7 მილიონი აშშ დოლარი, პროგრამის ძირითადი ხარვეზებისთვის.
Deutsche Bank-ი დათანხმდა, რომ უცხოური ვალუტით მოვაჭრეებზე ზედამხედველობას გააძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში Deutsche Bank-ს ჯარიმების გადახდა რეგულარულად უწევს.
მარტში კონეკტიკუტის შტატის სასამართლომ გერმანულ ბანკს 150 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა დაუწესა საპროცენტო განაკვეთებით მანიპულირების გამო.
იანვარში კი ბანკმა რუსეთში ფულის გათეთრების ბრალდების გამო 630 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმა გადაიხადა. თანხის ნაწილი გერმანულმა ბანკმა ამერიკას, ნაწილი კი დიდ ბრიტანეთს გადაუხადა.