Home
Category
TV Live Menu

ამიერკავკასიაში ხორცპროდუქტების ყველაზე დიდი საწარმო, რომელსაც "ლიდერფუდი" აშენებს, ზაფხულიდან ამუშავდება

58b04b80393b5
სალომე მეცხვარიშვილი
26.02.17 10:00
1932
ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო, რომელსაც „ლიდერფუდი“ აშენებს, ზაფხულიდან ამუშავდება. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ კომპანიაში განუცხადეს.

როგორც „ლიდერფუდში“ აღნიშნავენ, მცხეთაში ახალი საწარმოს მშენებლობა მარტში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილზე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
პირველ ეტაპზე მოხდება წარმოების დანადგარების გადატანა და თანამშრომლების ნაწილის გადასვლა, მეორე ეტაპისთვის კი ადგილზე კომპანიის სათაო ოფისიც გადავა.

პროექტში სრულად 5 მილიონი დოლარი დაიხარჯება, საიდანაც 2 მილიონი დოლარი სახლმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებაა.

„ახალ საწარმოში გადმოსვლის შემდეგ იგეგმება წარმადობის გაზრდა 30-35%-ით. ამასთან ერთად იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი, ხოლო ამ პროექტის დასრულების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი 700-მდე გაიზრდება“- აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, იგეგმება ახალი მიმართულების, კერძოდ, ნახევარფაბრიკატების - პელმენისა და ხინკლის - დამატება.

ყველაფერთან ერთად „ლიდერფუდი“ აპირებს ასევე რამდენიმე მაღაზია-შოურუმის მოწყობას, რომელიც მათი თქმით, ქართულ ბაზარზე არსებული მაღაზიებისგან განსხვავებული იქნება მისი კონცეფციითა და ვიზუალით. დეტალებზე კომპანიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day