ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდული ქონების სანაცვლოდ გადახდილმა კომპენსაციამ 56 047 307.08 ლარი შეადგინა.
როგორც "საქმის კურსს" სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი ქონებების 99%-ის გამოსყიდვა დასრულებულია. მათივე ინფორმაციით, ჯამში, გამოსყიდულია 402 ერთეული ქონება და მათ შორის არის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები.
ამასთან, როგორც ქონების სააგენტოში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, შეთავაზებულ კომპენსაციაზე უარი 285 ოჯახიდან მხოლოდ 10-მა ოჯახმა განაცხადა, რის გამოც სახელმწიფომ ექსპროპრიაციას მიმართა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ "საქმის კურსი“ დაინტერესდა, „სახელმწიფოს მხრიდან უკვე გამოსყიდული ქონების მიხედვით, რამდენი ადგილობრივის ქონების ღირებულებება (მიწა და სახლი) შეადგენდა 1მლნ ლარს და მეტს" და გაარკვია, რომ საქართველოს 7 მილიონერი (ლარში) შეემატა.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტი აშენდება 9 ფაზად და საბოლოო ჯამში, მიაღწევს წელიწადში 100 მლნ ტონის გამტარუნარიანობას. მშენებლობის პირველ ფაზაზე დაახლოებით, 568 მილიონის, ხოლო საბოლოო ჯამში, დაახლოებით, 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება.