სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებით, კონსორციუმმა სახელმწიფოს ე.წ ოქროს აქცია გადასცა, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხებში ვეტოს უფლება გამოიყენოს. როგორც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი "ბიზნესკონტრაქტთან" აცხადებს, სახელმწიფო კონსორციუმში 0,01%-ის მფლობელი იქნება, თუმცა ეს არ სცდება იმ უფლებებს, რასაც ოქროს აქცია ითვალისწინებს.
"ეს არის ძირითადად ისეთი მსხვილი გადაწყვეტილებები, როგორიცაა მაგალითად: ლიკვიდაცია, ორგანიზაციის რეორგანიზაცია, ახალი ინვესტორების შემოყვანა, აქციების დაგირავება. ამგვარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ენიჭება სახელმწიფოს და მას გააჩნია კონსორციუმში 0,01%’’-აცხადებს ლევან ახვლედიანი.
მისი თქმით, ოქროს აქცია ძირითადად იურიდიულ გადაწყვეტილებებზეა გათვლილი. "მაგალითად ჩვენ მთავრობის დამტკიცების გარეშე ვერ შემოვიყვანთ პორტის ოპერატორს და ვერ გავუფორმებთ ხელშეკრულებას", - განმარტავს ახვლედიანი.